თურქეთის პრეზიდენტი: ”თურქეთმა და რუსეთმა ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი დაასრულეს”

თურქეთის პრეზიდენტი: ''თურქეთმა და რუსეთმა ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი დაასრულეს”რუსეთმა და თურქეთმა მოსკოვში ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრისას ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი დაასრულეს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ შევძელით პროვოკაციული ქმედებებისა და ყველა პრობლემის დაძლევა. გატარდა უამრავი სამუშაო ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. მიგვაჩნია, რომ არსებობს შესამჩნევი ძვრები ჩვენს ურთიერთობებში. მიმაჩნია, რომ დღევანდელი შეხვედრით დავასრულეთ ნორმალიზაციის პროცესი“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, თურქეთი ელოდება საპასუხო ნდობას, რათა პოლიტიკურმა დიალოგმა ეკონომიკის სფეროზე გავლენა მოახდინოს. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ელოდება, რომ რუსეთი ყველა არსებული ეკონომიკური შეზღუდვის ლიკვიდაციას განახორციელებს და გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის შესახებ.
რუსეთმა თურქეთს სავიზო რეჟიმი 2015 წლის ნოემბერის ინციდენტის შემდეგ დაუწესა, როდესაც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში რუსეთის ბომბდამშენი ჩამოაგდო.