კონსტიტუციონალისტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხამალაძე ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს.
_ ბატონო ვახტანგ, პრეზიდენტი 10 მარტიდან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრებს იწყებს. თქვენი შეფასება როგორია ამ საკითხზე?
_ ჯერ კონსტიტუციის პროექტი არ შექმნილა და მე არ ვიცი, რა საკითხზე აქვს პრეზიდენტს შეხვედრები დაგეგმილი. ამიტომ ვერაფერს გეტყვით.
ჯერ-ჯერობით მუშაობა კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფებში მიმდინარეობს. სხვადასხვა საკითხებზე გაიმართა დისკუსია. ახლა ის ეტაპია, როდესაც ჯგუფი წარმოადგენენ წინადადებებს, ვინ უჭერს მხარს ამ წინადადებებს, და ვინ არა. ორმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა მეორე წრეზე უკვე დაასრულა. ორ სამუშაო ჯგუფს ჯერ არ დაუსრულებია. ეს სამუშაოები მომავალი კვირიდან გაგრძელდება.
მას შემდეგ, როდესაც სამუშაო ჯგუფებში დასრულდება მეორე წრეზე განხილვა, უკვე პროექტი მომზადდება. პროექტის ორი ვარიანტი იქნება წარმოდგენილი: ერთი ვარიანტი იქნება, რომელზეც კომისიის წევრთა ფართო შეთანხმება მოხდა. მეორე იქნება ალტერნატიული წინანდადებები. ამის შემდეგ მთლიანად პროექტი საკონსტიტუციო კომისიას წარედგინება, შემდეგ კომისიამ უნდა იმსჯელოს, პარლამენტს წარუდგინოს პროექტი ალტერნატივებით თუ ალტერნატივების გარეშე.
_ აპრილის ბოლომდე მოესწრება მუშაობის დასრულება?
_ არ ვიცი და ამიტომ ვერ გეტყვით. თუმცა, ვიცი, რომ სამუშაო ჯგუფებში, ყოველ შემთხვევაში იმ ორ ჯგუფში, რომლის წევრიც მე ვარ, სამუშაოები გრძელდება, სანამ ჯგუფის თითოეულ წევრს აქვს სათქმელი. ამდენად, დროში შეზღუდვა ჩვენ არ გვაქვს.
_ ახლა რა ეტაპზე ხართ?
_ ჯერ პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, საუბარია კონსტიტუციის თავებზე, მუშაობა მეორე წრეზე დასრულებული არ არის. ამიტომ, თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა პირდაპირ გამიჭირდება, მოესწრება თუ არა აპრილის ბოლომდე, შეიძლება მოესწროს. შეიძლება ვერ მოესწროს.
_ კანონი ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვას. ამ საკითხზე არაერთგვაროვანია პოზიციებია, თუ რას გულისხმობს საჯარო განხილვა. ასეთი შეფასებაც კი გაკეთდა: რა, კომისიის წევრები მეტროში ჩავლენ და იქ აუხსნიან ხალხს, რა ცვლილებებზეა საუბარი? რეალურად რას გულისხმობს საჯარო განხილვა?
_ ნურავინ წარმოიდგენს, რომ საერთო-სახალხო განხილვა ნიშნავს, რომ მთელი საქართველო შეიკრიბება ერთად და ერთად განიხილავს კონსტიტუციის პროექტს. ეს ხომ აბსურდია. კომისიის წარმომადგენლები სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს ხვდებიან. მათ შორის არიან: პოლიტიკური პარტიები, პროფესიული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი. შეხვედრები იქნება იმ წრეებთან, რომლებიც სამართლებრივ საკითხებზე მუშაობენ.
შეხვედრები ტარდება რეგიონებში, როგორც წესი, რეგიონულ ცენტრებში. ამ შეხვედრებში მონაწილეობენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მთელ ამ პროცესში არის მედია, როდესაც დისკუსიები იმართება პროექტის ირგვლივ. ასევე ტარდება ინტერაქტიული გამოკითხვები და ა.შ. ასეთი არის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა.
_ რამდენად შეიძლება ძალაში დარჩეს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით? ამ საკითხზე დიდი ვნებათაღელვაა, საუბარია, რომ 2018 წელს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით მოხდეს, შემდეგ კი გადავალთ არაპირდაპირ არჩევნებზე.
_ ეს ვნებათაღელვები სრულიად უსაფუძვლოა. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არის წარმოდგენილ წინადადებებში, ვიდრე ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი. სრულიად პოპულისტურ დონეზე ხდება ამ საკითხზე მსჯელობა. იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც სწორედ ამ საკითხს განიხილავს, რომ ამ წინადადებას საკმაო რაოდენობის მომხრე ჰყავს.
_ პირდაპირი წესით არჩევნებს?
_ არა, 2018 წელს პრეზიდენტის არჩევა მოხდეს პირდაპირი წესით და შემდეგ 2023 წელს გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე.
_ საარჩევნო სისტემაზე რა დონეზე არსებობს შეთანხმება, რომ სრულად მოხდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა?
_ სამუშაო ჯგუფში სრულიად აშკარაა, რომ თითქმის ყველა უჭერს მხარს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას.
_ მმართველი გუნდის პოზიცია როგორია?
_ ამ ”ყველაში” სწორედ ”ქართული ოცნების” წევრებიც ვიგულისხმე. თუმცა, სამუშაო ჯგუფში არის ერთი წევრი უმრავლესობიდან, რომელიც მხარს ისევ მაჟორიტარულ არჩევნებს უჭერს. ის ამბობს, რომ მაჟორიტართა ნაწილს მიაჩნია, რომ მაჟორიტარული წესი უნდა დარჩეს.
_ ვიზე საუბრობთ?
_ დეპუტატ ოქრიაშვილზე.
_ კახა ოქრიაშვილი ამას ღიად ამბობს.
_ დიახ. თავად `ქართულ ოცნებაში~, ისევე როგორც სამუშაო ჯგუფში, საარჩევნო სისიტემასთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საკონსტიტუციო კომისიამ რაც უნდა თქვას, გადაწყვეტილებას საბოლოოდ პარალმენტი იღებს. პარლამენტში კი საკონსტიტუციო უმრავლესობა ”ქართულ ოცნებას” აქვს. გადამწყვეტი იქნება, ”ქართულ ოცნებაში” რა პროპორციით დალაგდება მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა.
_ შიგნით არის უთანხმოება?
_ დიახ, რაზე შეთანხმდებიან, ეს არის მნიშვნელოვანი. თუ ნაწილი მხარს დაუჭერს მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, მაშინ ”ქართულ ოცნებას” ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდება პარლამენტში, რომ საკითხი გაიტანოს. ოპოზიცია კი მხარს უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. შესაბამისად, ყველაფერი იქნება დამოკიდებული, ვინ უფრო მეტი იქნება ჯამში, მომხრეები თუ მოწინააღმდეგეეები. გადაწყვეტილების მიღებას კი სამი მეოთხედი სჭირდება.
_ თუ ეს ცვლილებები განხორციელდა, უკეთესი კონსტიტუცია გვექნება?
_ გააჩნია, რა ცვლილებები შევა რეალურად. ამიტომ ასე ცალსახად დღეს ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. სურვილი არის, რომ უკეთესი კონსტიტუციური მოდელი შეიქმნას. მნიშვნელოვანია, რამდენად მოხერხდება შეთანხმების მიღწევა. ის ნორმები, რომლებზეც შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია, გააუმჯობესებს კონსტიტუციის ტექსტს, უფრო დახვეწს და შტოებს შორის დაბალანსებას ხელს შეუწყობს.
თუმცა, არის ისეთი წინადადებები, რომლებიც კი არ გააუმჯობესებს, არამედ გააუარესებს ან იგივე მდგომარეობაში დატოვებს.
საბოლოოდ რა სახის პროექტი ჩამოყალიბდება, მიჭირს თქმა. ვნახოთ, საბოლოო შეფასებებს პროექტის დადების შემდეგ გავაკეთებ.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

