ვის ინტერესებს ახმოვანებს ოფიციალური ერევანი, რა პრობლემებს შექმნის ავარეთ-კახეთის გზის გახსნა აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის? _ ამ თემებზე ”ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
_ სომხეთის ხელისუფლება გამალებით ეძებს ლარსის ალერნატივას. თავიდან იყო საუბარი, რომ მოლაპარაკებები აფხაზეთის რკინიგზაზე და როკის მიმართულებაზე იყო. სომხური გამოცემის მტკიცებით კი ლარსის ალტერნატივა ავარეთ-კახეთის მშენებარე გზა უნდა გახდეს. ამ გზაზე თქვენ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ განაცხადეთ, რომ მისი ამოქმედება სახიფათო იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის.
_ სომხეთი გასული წელს ალაპარაკდა აქტიურად ლარსის ალტერნატივაზე. ყველამ ჩათვალა, რომ ისინი აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნას ითხოვდნენ. ჩვენ მაშინვე გავაკეთეთ განცხადება, რომ ლარსის ალტერნატივა აფხაზეთის რკინიგზის გარდა, როკის გვირაბი და ავარეთი-კახეთის გზა იქნებოდა.
ჩვენ არ გვგონია, რომ ეს საკითხი ასე მარტივად გადაწყდება და ვერც იმას დავიჯერებთ, რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. საქართველოს და სომხეთის მთავრობის მეთაურები ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. შესაბამისად, არავინ იცის, რა გადაწყვეტილება მიიღო ორმა პრემიერმა. დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ვერანაირი დოკუმენტი ვერ მოვიძიეთ.
_ შეხვედრის დეტალებს მართლაც არ ახმაურებენ. რა მოხდება, თუ მართლაც დათანხმდა ქართული მხარე ლარსის ალტერნატივას?
_ ასე იოლად ვერავინ ვერავის დათანხმდება. ასეთი შეთანხმება თუ მართლაც გაფორმდა, მას განზრახულობათა ოქმი უნდა მოჰყვეს. ამ თემაზე ამის მერე უნდა დაიწყოს ლაპარაკი. ჰაერზე ლაპარაკის არც ნერვები გვაქვს და არც _ დრო.
_ როდესაც ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა დაიწყო, თქვენ განაცხადეთ, რომ ეს საქართველოსთვის ხიფათის მომტანი იქნებოდა. ახლაც ამავე აზრზე ხართ?
_ რა თქმა უნდა. გზების მშენებლობა, როგორც ასეთი, ცუდი არ არის. გზები შემოსავლის დამატებითი წყარო გახლავთ და მათი ამოქმედებით საქართველოს ბიუჯეტი ისარგებლებს. მაგრამ, ეკონომიკური სარგებლის გარდა, ამ გზებს, შესაძლოა, სხვა რამეც მოჰყვეს.
_ რა უნდა მოჰყვეს?
_ ავარეთ-კახეთის გზის ამოქმედების შემთხვევაში რუსეთს საქართველოსთან დამაკავშირებელი კიდევ ერთი სახმელეთო გზა ექნება. რუსეთი კი ის ქვეყანაა, რომელიც აგრესიას ღიად აფრქვევს და თავის ზრახვებს აღარ მალავს. ოფიციალური მოსკოვი დაუფარავად ცდილობს, საქართველო თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენების ქვეშ მოაქციოს.
ამ თემაზე საუბარი თუ დაიწყება, ის აუცილებლად საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს. მთავრობამ დეტალურად უნდა გვითხრას, რა მატერიალურ და მორალურ სარგებელს ნახავს ამ გზის ამოქმედებით ქვეყანა. ასევე საუბარი უნდა იყოს მოსალოდნელ საფრთხეებზეც. საფრთხეები კი მართლაც არსებობს.
_ რა საფრთხეებზეა საუბარი?
_ ამ გზის ამოქმედების შემდეგ ჩვენ, შესაძლოა, სტრატეგიულ პარტნიორებთან _ აზერბაიჯანთან და თურქეთთან _ გაგვიფუჭდეს საქმე. ამის გარდა, შესაძლოა, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ვეღარ განახორციელოს გეგმა და ვეღარ დაგვეხმაროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში. ნატოს კი დიდი ალბათობით ხელი შეეშლება შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტის განხორციელებაში.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერ სომხური დერეფნის პროექტიც კი არ არსებობს. შესაბამისად, ამ გზის ამოქმედება დროში გაიწელება. თუ რომელიმე ქვეყანა საქართველოს ხელისუფლების პროვოცირებას შეეცდება ამ საქმეში, საკადრის პასუხს მიიღებს.
_ ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ სომხები სულ დარიალის ხეობით სარგებლობდნენ. რატომ გახდა მათთვის ახლა ეს გზა მიუღებელი?
_ სომხეთის პრეტენზიები, მოსაზრებები და ფსევდოპოლიტიკური თამაშები ჩვენ სასაცილოდაც არ გვყოფნის. დღეს ოფიციალური ერევნის პირით რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ელიტა საუბრობს.
_ გამოდის, რომ სომხური დერეფანი რუსეთს უფრო აინტერესებს ვიდრე ერევანს?
_ რა თქმა უნდა. ეს არის რუსული ინტერესი. მისთვის საჭირო რეგიონთან დამაკავშირებელი რაც უფრო მეტი გზა ექნება კრემლს, მით უფრო მეტი შანსი აქვს, საჭირო დროს სამხედრო მანევრები განახორციელოს.
_ რამე რომ იყოს, დარიალის ხეობიდან ვერ განახორციელებენ სამხედრო მანევრს?
_ ხმელეთიდან ვერა. დარიალის ხეობის ჩაკეტვა ძალიან იოლია. ამ წინააღმდეგობის დაძლევის შემთხვევაში, ჯვრის უღელტეხილი იქნება სერიოზული პრობლემა. ამ უღელტეხილზე ძალიან რთული იქნება სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.
აქედან გამომდინარე ცდილობენ, გადაადგილებისთვის უფრო იოლი გზა გამონახონ. ასეთი არის ავარეთ-კახეთის გზა, რომლის ამოქმედება, საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანსაც შეუქმნის პრობლემებს.
ეს გზა გაივლის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებას თუ გავითვალისწინებთ, კრემლი მარჯვნივ საქართველოს გააკონტროლებს, მარცხნივ _ აზერბაიჯანს.
რუსეთის განზრახვა იოლად ამოსახსნელია, მაგრამ მათ ტყუილად ჰქონიათ, რომ რამე რომ იყოს, ამ გზაზე არ შეექმნებათ პრობლემები.
_ რა პრობლემები?
_ მათთვის ეს გზა საკმაოდ ძნელი და საფრთხის შემცველი იქნება. მოსკოვისთვის ყველაზე მისაღები როკის გვირაბის გავლით აშენებული სომხური დერეფანი იქნება. ამ გზით სომხეთს რუსები სამცხე-ჯავახეთის გავლით დაუკავშირდებიან. ეს ყველაზე მოკლე მანძილია და დაუსახლებელ ადგილებს გაივლის.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

