ზაალ კასრელიშვილი: ”საქართველოში შესაძლოა რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი დაიწყოს”

ვის ინტერესებშია საქართველოში ახალი დაძაბულობის კერების შექმნა, რა მიმართულებაზე მუშაობენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, რა ერთობლივი გეგმა მოიფიქრეს მოსკოვმა და ერევანმა? _ ამ თემებზე ”ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
_ თქვენ არაერთხელ გააკეთეთ განცხადება იმის შესახებ, რომ გარე ძალები საქართველოს რამდენიმე კუთხეში აპირებენ არეულობის მოწყობას.. არის თუ არა ამ გეგმის ნაწილი ის, რაც 11-12 მარტის ღამით მოხდა ბათუმში?
_ ამ თემაზე ზოგიერთი პოლიტიკოსის მსგავსად მკითხაობას არ დავიწყებ. ის, რაც ბათუმში მოხდა, ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული სიგნალი უნდა იყოს. თავიდან ყველაფერს პროტესტის ჩვეულებრივი ფორმა ჰქონდა. მერე კი ამაში ყველა ჩაერია და ქვეყანა სერიოზულ საფრთხეს გადაურჩა.
ამ მოვლენების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ქვეყნის გარეთ ამჟღავნებდნენ. სადღაც საღამოს 8 საათზე, როცა ბათუმში ისეთი არაფერი ხდებოდა, სტამბოლიდან ჩვენმა ჩერქეზმა მეგობრებმა დაგვირეკეს და შეშფოთებულებმა გვკითხეს, საქართველოში რა ხდებაო.
_ რატომ მოგეჩვენათ თქვენი მეგობრების კითხვა საეჭვოდ?
_ იმიტომ, რომ იმ დროს ბათუმში ისეთი არაფერი ხდებოდა. სტამბოლში კი იმაზე საუბრობდნენ, რომ აქ დიდი არეულობა იყო. ამის საშიშროების წინაშე მართლაც იდგა საქართველო. იყო იმის ალბათობა, რომ მოსახლეობას და სპეცრაზმს შორის მომხდარიყო შეჯახება, რაც, შესაძლოა, მსხვერპლით დასრულდებოდა. ამის შემდეგ ხალხს უკვე ვეღარ გააჩერებდნენ.
გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ გარე ძალებსაც და შინაურ მტრებსაც გათვლა მოვლენების ასეთ განვითარებაზე ჰქონდათ. საქართველოს მოსახლეობის გარდა, აჭარის რეგიონში სიტუაციის არევა ყველას უნდა. ამ შემთხვევაში მათ სასურველი შედეგი ვერ მიიღეს.
_ რაკი სასურველი შედეგი ვერ მიიღეს, ალბათ კიდევ სცდიან ბედს.
_ აუცილებლად შეეცდებიან მორიგი არეულობის მოწყობას. ეცდებიან, რომ მათთვის სასურველი შედეგი დადგეს.
_ სასურველი შედეგი რა არის?
_ მსხვერპლი, რასაც აჭარის რეგიონში პრორუსული ძალების გააქტიურება მოჰყვება. ისინი ასლან აბაშიძის დროინდელ მოთხოვნებს გააჟღერებენ. მოითხოვდნენ უფრო მეტ ავტონიმიას. უკან არც პროთურქული ორიენტაციის ხალხი დაიხევდა. ისინი აუცილებლად იტყოდნენ, რომ მათ რელიგიური ნიშნით ავიწროვებენ.
პრორუსულების და პროთურქულების აქტიურობას შეეწირებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები. ხელისუფლებას იძულებულს გახდიდნენ, ბევრი რამ დაეთმო. ეს უკეთეს შემთხვევაში.
_ უარეს შემთხვევაში რა მოხდებოდა?
_ უარეს შემთხვევაში რესპუბლიკის სტატუსი და გამოყოფა.
_ როცა საქართველოში მოსალოდნელ არეულობაზე საუბრობდით, რამდენიმე რეგიონი დაასახელეთ. ერთ-ერთი მათგანი იყო ჯავახეთი. რამდენიმე სომეხი პოლიტიკოსი უკვე წლებია, საქართველოდან ამ კუთხის გამოყოფას ითხოვს. ეს საკითხი ისევ აქტუალური ხომ არ გახდება?
_ საქართველოში სხვა ქვეყნების ინტერესები შენელებული მოქმედების ნაღმების სახით დევს. საუბარია აჭარაზე, ქვემო ქართლზე და ჯავახეთზე.
ქვემო ქართლში სიტუაციის დაძაბვის მცდელობას უკვე ჰქონდა ადგილი. ეს შარშანდელი არჩევნების წინ მოხდა. კავკასიის ხალხთა კონფედერაციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ამბავი არ მომხდარიყო. ჩვენ ვიცოდით იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც ამ პროცესებს მართავდნენ.
_ მართვაში რას გულისხმობთ?
_ ეს ადამიანები აღვივებდნენ შუღლს და აფინანსებდნენ ამ პროცესს.
_ შეგიძლიათ მათი ვინაობის დასახელება?
_ როგორ არ შემიძლია. კონკრეტულ სახელებს და გვარებს საგამოძიებო უწყებებს ვეტყვით, მედიისთვის კი მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ეს ადამიანები რუსეთში მცხოვრები და ამ ქვეყნის მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან.
ამ მხარეში დაპირისპირება არც ბაქოს ინტერესებში შედიოდა. იქედან არჩევნების მეორე ტურში 2 მაღალჩინოსანი ჩამოვიდა და ყველაფერი გააკეთეს, რომ არეულობა არ მომხდარიყო. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ რეგიონში დაპირისპირება მოსალოდნელი არ არის.
გაცილებით რთული ვითარებაა ჯავახეთში. ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტს არც იქ ველოდებით. ამ მიმართულებით უფრო სერიოზული საფრთხეებია. ეს საფრთხეები გაიზრდება, რაც მეტად დაუახლოვდება საქართველო დასავლეთს.
_ რა საფრთხეებზე საუბრობთ და რატომ გგონიათ, რომ ეთნიკური კონფლიქტი არ იქნება?
_ დღევანდელ მსოფლიოში ეთნიკური კონფლიქტები რეზონანსული აღარ არის. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე პოსტსაბჭოთა სივრცეს ეხება. მსოფლიომ იცის, თუ რა მარტივად ხდება ამ ნიადაგზე კონფლიქტის მოწყობა.
ამ შემთხვევაში ძალიან ვერაგულ ჩანაფიქრთან გვაქვს საქმე. სომხეთის ხელისუფლება რუსეთთან ერთად შეეცდება საქართველოს ხელისუფლებაში მათთვის სასარგებლო ხალხის მოყვანას. ისინი მათ დავალებებს პირნათლად შეასრულებენ. ეს კი უფრო საშიშია, ვიდრე ეთნოკონფლიქტი.
_ არის ამის საფუძველი საქართველოში?
_ როგორ არ არის. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი აგენტია. პოლიტიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ საკუთარ სარგებელზე ფიქრობენ. ასეთ დროს კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არც ის დავივიწყოთ, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს, გაჭირვებულის მოსყიდვა კი უფრო ადვილია.
ჩვენს ქვეყანას შესაძლოა პრობლემები ბევრი მიმართულებით შეექმნას. ყველაზე მეტად მე რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტები მაფიქრებს. ამ საფრთხეებზე ადრეც მისაუბრია, მაგრამ ახლა ეს საფრთხე გაცილებით უფრო რეალურია.
_ არის ქვეყანაში ამის საფუძველი?
_ სამწუხაროდ, საქართველოში ყველა ტიპის კონფლიქტისთვის ნოყიერი ნიადაგია შექმნილი. ჩვენი ქვეყანაში რამდენიმე რელიგიის ხალხი ცხოვრობს და შესაბამისად იოლი იქნება დაპირისპირების მოწყობა. ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაო უკვე შესრულებულია.
ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარებაა, საიდანაც მხოლოდ ერთი გამოსავალია. ქვეყანას სჭირდება ძლიერი პოლიტიკური ელიტა. და, რაც მთავარია, ხელისუფლება საქართველოს ინტერესებით უნდა მოქმედებდეს.
_ ეს ხელისუფლება არ მოქმედებს ქართული ინტერესებით?
_ სამწუხაროდ, არა. ჩვენი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი სხვებისთვის ერთგულების დამტკიცებით არის დაკავებული. ზოგი პროდასავლურია, ზოგიც _ პრორუსული. სანამ ისინი თავისი პროობით ამაყობენ, ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნების აგენტურამ მოიკიდა ფეხი. აქედან გამომდინარე არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ბათუმის მოვლენები კიდევ სადმე განმეორდება.
ხელისუფლებამ ყველა რეგიონში უნდა გამოიჩინოს ყურადღება, მაგრამ აჭარა, ჯავახეთი და ქვემო ქართლი განსაკუთრებულ კონტროლზე უნდა იყოს აყვანილი. ისიც გასათვალისწინებელია რომ წელს არჩევნები ტარდება და ასეთ დროს უფრო იოლია სიტუაციის არევა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა