შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ არასამთავრობო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს.
_ ბატონო ზვიად, პრემიერ-მინისტრის ახალ იდეას როგორ აფასებთ, რომელიც მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასა და მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებამდამცველების მოწვევას ეხება?
_ რატომ გაუჩნდა პრემიერს მოსაზრება, რომ რამე ტიპის ინსტიტუცია შექმნას, რომელიც დღეს საჭირო არის სიტუაციის განსამუხტავად? მე ვფიქრობ, იმიტომ გაუჩნდა, რომ პრემიერი გრძნობს, რომ სწორედ ახლა არის საკმაოდ ჩიხური სიტუაცია და აქიდან გამოსავალი უნდა გამოიძებნოს.
საქართველოს სასამართლო სისტემამ ბევრ კითხვას პასუხი ვერ გასცა. სამწუხაროდ, ჩვენმა სასამართლო სისტემამ ვერ შეძლო ისეთი პრეცედენტის შექმნა, რომელიც არც გამოხატვის თავისუფლებასა და არც საკუთრების უფლებას არ გახდიდა სადაოს, დემოკრატიულ წესრიგს არ დააზიანებდა. საკუთრების უფლება, რასაკვირველია, უნდა აღდგეს, მაგრამ საკუთრების უფლების აღდგენა არ გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, თუ ყველა არსებულ კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება.
_ რა კითხვებს გულისხმობთ?
_ ფუნდამენტური კითხვა ასეთია: როგორ ასაბუთებს სასამართლო, რომ ქიბარ ხალვაშს, რომელიც აცხადებს, რომ საკუთრება წაართვეს, რეალურად ეს საკუთრება ეკუთვნის?! ანუ რამდენად ეკუთვნის ხალვაშს ეს საკუთრება?! რამდენად ლეგიტიმურად მოიპოვა მან ეს საკუთრება?! სწორედ ეს არის ფუნდამენტური საკითხი და მხარეებს სწორედ ამაზე უნდა ედავათ.
_ სტრასბურის გადაწყვეტილება რა გავლენას იქონიებს პროცესზე?
_ სტრასბურში მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არის შეჩერებული, მაგრამ მოსალოდნელია, რომ 8 მარტიდან ანუ იმ თარიღიდან, რომელიც დათქვა სტრასბურის სასამართლომ, იმ სარჩელის არსებით განხილვას დაიწყებს, რომელიც რუსთავი 2-მა შეიტანა.
აქ უკვე რუსთავი 2 იქნება მოსარჩელე და მოპასუხე იქნება არა ქიბარ ხალვაში, არამედ საქართველოს მთავრობა, რომელმაც უნდა დაიცვას საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
რამდენად სამართლიანი იყო სასამართლო და ისარგებლა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლებით რუსთავი 2-მა ამ ქვეყანაში? ეს ძალიან რთული პრობლემაა, უფრო რთული პრობლემა, ვიდრე რეალურად წარმოგვიდგენია.
იმ ორ უფლებას, რომელიც თითქოსდა კოლიზიაში შევიდა ერთმანეთთან, ვგულისხმობ საკუთრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას, დაემატა მესამე _ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს გვაქვს.
ეს ჩიხური ვითარება გვაქვს ახლა და ბუნებრივია, რომ პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რადგან ცხადია, რომ ეს ჩიხური ვითარება არ გაჩერდება ჩიხში და ის აუცილებლად გამოიხატება სხვა ფორმის პოლიტიკური კრიზისის ნიშნით. პოლიტიკურ კრიზისზე კი პასუხისმგებელი მთავრობაა.
_ ამ ფონზე პრემიერის შეთავაზება რამდენად ადეკვატურია?
_ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი პროაქტიური იყო, მაგრამ ის გადაწყვეტილება, რომელიც მან შესთავაზა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ბოლომდე აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ვითარებამ შექმნა. ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად სხვა ქმედება არის საჭირო იმისთვის, რომ ერთი მხრივ მთავრობა ადეკვატურად იყოს წარმოდგენილი ევროპის სასამართლოზე და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება გაიზიაროს.
მე ჩემი შეშფოთებაც გავუზიარე პრემიერს, რომ ის განწყობები, რომლებიც საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრშია სტრასბურის სასამართლოს მიმართ, ძალიან სახიფათოა.
_ რას გულისხმობთ?
_ ვგულისხმობ იმ განწყობებს, რომლებმაც დღეს თავი იჩინა: ვინ ეკითხება ევროპის სასამართლოს, რა მათი საქმეა, სად იყვნენ 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც “იმედს” არბევდნენ?
ასეთი არარელევანტური მოსაზრებები ქვეყანაში ანტიევროპულ განწყობებს ქმნიან, რაც ძალიან სახიფათოა. მთავრობას ესეც ეწერება პასივში და ამიტომ ხელისუფლება ამ მიმართულებითაც უნდა იყოს პროაქტიური.
_ რატომ გააკეთა აქცენტი პრემიერმა უცხოელ მაღალი დონის მედიაომბუდსმენზე, ის არ ენდობა ადგილობრივ ექსპერტებს?
_ ეს მისი და მთავრობის ნებაა. რა თქმა უნდა, როდესაც დღეს პრემიერი აქცენტს ევროპელ, მსოფლიოში აღირებულ მედია სპეციალისტებსა და ჟურნალისტებზე აკეთებს, ის ამით ცდილობს, რომ მათი რეპუტაციის მეშვეობით აღიწეროს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის გარემო, რათა ეს ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი და დამაჯერებელი იყოს საერთაშორისო აუდიტორიისთვის.
ამ ინსტიტუტის შექმნით, პრემიერი დასავლეთს უფრო ელაპარაკება, ვიდრე საკუთარ აუდიტორიას. პრობლემა კი ქვეყნის შიგნით არის და მის მოგვარებას ზედმეტი მედიაომბუდსმენი არ სჭირდება. არ შეიძლება ეჭვი შეიტანო, მაგალითად, სახალხო დამცველის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაში, როდესაც ის გამოდის და განცხადებას აკეთებს გამოხატვის თავისუფლების ან სასამართლოს სამართლიანობის საკითხზე.
_ ფიქრობთ, რომ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, უფრო ავტორიტეტული იქნება ბი-ბი-სის ღვაწლმოსილი ჟურნალისტის მიერ დადებული კვლევა?
_ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო თომას ჰამერბერგი, რომელმაც ძალიან საინტერესო დასკვნა დადო ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ საქართველოში. ეს დასკვნა წაიკითხეს ყველგან, სამწუხაროდ, არ წაიკითხეს საქართველოში.
ის რისკები, რაზეც ბატონი ჰამერბერგი თავის ანგარიშში წერდა, მთავრობას რომ გაეთვალისწინებინა, ძალიან ბევრი რისკი არ გაჩნდებოდა, მაგალითად, ეთნიკურ უმცირესობებთან, განსაკუთრებით რელიგიურ უმცირესობებთან, შრომის უფლებებთან დაკავშირებით და ა.შ.
ამ ანგარიშში ასევე იყო მინიშნება მედიასივრცეში კონცენტრაციის პრობლემის გაჩენასთან დაკავშირებით, რადგან დინამიკა უკვე შეინიშნებოდა. დღეს ტელეკომპანია “იმედი”, ტელეკომპანია “მაესტრო”, ტელეკომპანია ”ჯიდიესი” პრაქტიკულად ერთი ჰოლდინგია. ასევე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკურად აფილირებული მენეჯმენტი მივიდა. ეს მთლიანობაში პრობლემაა.
_ პრემიერის განწყობა როგორი იყო, რომ რუსთავი 2-ს საქმე არის დავა კერძო საკუთრებაზე თუ საფრთხე შეეხო მედიაპლურალიზმს?
_ პრემიერი ამბობს, რომ ორივე საკითხი ჩვენთვის ძვირფასია, საკუთრების უფლების დაცვაც და გამოხატვის თავისუფლებაც, რაზეც ყველა ვთანხმდებით, მაგრამ თუ საკუთრების უფლების აღდგენა ხდება, მაშინ ასეთმა ფუნდამენტურმა უფლებამ როგორ შეიძლება დააზარალოს მეორე ფუნდამენტური უფლება _ გამოხატვის თავისუფლება. თუ ეს ტელეკომპანია ცალსახად, ყველა დოკუმენტით ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს, მაშინ ეს ტელეკომპანია უნდა მიიღოს ქიბარ ხალვაშმა, მაგრამ თუ სასამართლო არ სთხოვს, საზოგადოებას წარუდგინოს დოკუმენტი ქიბარ ხალვაშმა, ვისგან იყიდა ეს ტელეკომპანია?
_ ამ საკითხებზე ასე კონკრეტულად იყო პრემიერთან საუბარი?
_ რა თქმა უნდა, მე დავსვი ეს კითხვები. ვკითხე პრემიერს, თუ იცოდა, ვისგან იყიდა რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშმა. მითხრა, ეს სასამართლომ გაარკვიოსო. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სასამართლოს ამ საკითხებზე არ უმსჯელია, ამიტომაც შეაჩერა მისი გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურის სასამართლომ.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

