ანექსირებულ აფხაზეთში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებს პატარა ქალაქს უშენებენ.
რუსეთის სამხედრო ბაზის ძირითადი ნაწილი გუდაუთასთან მდებარეობს. ბაზის სასწავლო პოლიგონები ოჩამჩირესა და მაიკოპშია განთავსებული.
ბაზის მიმდებარედ სამხედროებისთვის კეთილმოწყობილი სახლები შენდება. ტასის ცნობით, ენერგოდამზოგავი ბინები ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან იგება.
სამხედრო მიკრორაიონი 300 ბინისგან შემდგარ 19 ორსართულიან სახლს მოიცავს. ქალაქი ზღვის სანაპიროდან 1 კილომეტრში მდებარეობს.
სახლების კარკასები უკვე აგებულია. რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე სამხედროები ახალ საცხოვრებლებში გადავლენ. დღემდე ისინი ყაზარმებსა და კარვებში ცხოვრობენ. ახალი ბინები უზრუნველყოფილი იქნება ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით.
ექსპერტები უსაფრთხოების სფეროში აცხადებენ, რომ შავი ზღვა ხდება ნატოსა და რუსეთის დაპირისპირების ეპიცენტრი.
საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელი რაულ ხაჯიმბა ასრულებს ასევე დაპირებას გალის მცხოვრებლებისათვის ბინადრობის მოწმობების დარიგების შესახებ. ამ დოკუმენტების გაცემა ამ კვირიდან იწყება. ბინადრობის მოწმობას აძლევენ აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს მუდმივი ცხოვრებისა და გადაადგილებისთვის.
აფხაზეთის მთავრობამ დაავალა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამართოს მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო უწყებასთან იმ მიზნით, რომ ბინადრობის მოწმობის მქონე აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები ამ საბუთებით შეუშვან რუსეთში.
ამ დღეებში მოსკოვმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა რაულ ხაჯიმბას. ექსპერტი ალექსეი ჩესნაკოვი აცხადებს, რომ მოსკოვში მხარს უჭერენ პრეზიდენტ ხაჯიმბას სტაბილიზაციისკენ მიმართულ ხაზს.
აფხაზეთში არსებობს მოსაზრება, რომ ხაჯიმბა ახალარჩეულ პარლამენტს ვერ გააკონტროლებს. რუსეთში სხვაგვარად ფიქრობენ.
– არჩევნებმა დაადასტურა, რომ გაიმარჯვა ხაჯიმბას მიერ შეთავაზებულმა კონსტრუქციული დიალოგისა და ძალადობრივ სცენარებზე უარის თქმის სტრატეგიამ. პარლამენტში უმრავლესობა პრეზიდენტის მხარდამჭერია, –აღნიშნავს ჩესნაკოვი.
„ახალი თაობა“, მარიამ მჭედლიშვილი

