ბეჟან ნათელაშვილი: “ოცნება” მწეველების ხარჯზე აპირებს ნაძარცვი ბიუჯეტის შევსებას”

ბეჟან ნათელაშვილი: "ოცნება" მწეველების ხარჯზე აპირებს ნაძარცვი ბიუჯეტის შევსებას"რა მიზანი აქვს მოწევის წინააღმდეგ ბრძოლას, რა პრობლემებს შემქნის ეს ქვეყანაში, რატომ დუმს ხელისუფლება რეალურ პრობლემებზე? _ ამის შესახებ “ახალ თაობას” ლეიბორისტული საბჭოს გენერალური საბჭოს წევრი ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება.

_ თქვენი აზრით, ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა, რატომ გახდა ასეთი აქტუალური მოწევის წინააღმდეგ ბრძოლა? მოწევა მართალია მავნებელია, მაგრამ არანაკლებ მავნებელი რამეები ხდება ჩვენ გარშემო.
_ ქვეყანაში რომ უამრავი გადაუჭრელი პრობლემაა, სწორედ ამიტომ დაიწყეს ასეთ თემებზე ყურადღების გამახვილება. კანონქვემდებარე აქტებით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იდიოტობების ჩაწერით ცდილობენ მთავარი პრობლემებიდან ხალხის ყურადღების გადატანას.
მოწევის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას მეორე მიზანიც აქვს, ხელისუფლება ამ გზით შეეცდება იმ გაძვალტყავებული ბიუჯეტის შევსებას, რომელსაც 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ძარცვავენ.
ივანიშვილი მოწველას არის მიჩვეული და ახლა გადაწყვიტა, ფული ხალხის მოწევის ხარჯზე იშოვოს.
_ ხელისუფლება ვარაუდობს, რომ სანქციები ხალხს აიძულებს, სიგარეტის მოწევას თავი დაანებოს.
_ სიგარეტისთვის თავის დანებება ასე მარტივი რომ იყოს, ხალხი სანქციების გარეშეც დაანებებდა სიგარეტის მოწევას თავს. ყველამ იცის, რომ მოწევა მავნებელია, მაგრამ უჭირთ თავის განებება.
ამათ გადაწყვიტეს, ამის ხარჯზე ბიუჯეტი შეავსონ და მერე ეს ფული ისევ თავად მოიპარონ. ამ გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, მაგრამ ეს იდეა მიხეილ სააკაშვილს ეკუთნის. მას ამის გაკეთება აღარ დასცალდა. მისი დაწყებული საქმე `ქართულმა ოცნებამ~ გააგრძელა და ამით კიდევ ერთხელ დაემსგავსნენ წინა ხელისუფლებას.
_ მოწევის აკრძალვაზე ლეიბორისტული პარტიის პოზიცია როგორია?
_ ამ საკითხზე პარტიაში არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად არ გვიმსჯელია.
_ ბევრი მწეველია თქვენს პარტიაში?
_ თითქმის ყველა ვეწევით. ერთადერთი, ვინც არ ეწევა, ეს არის შალვა ნათელაშვილი. ადრე ისიც ეწეოდა, მაგრამ თავი დაანება.
_ რა მიზეზით დაანება სიგარეტის მოწევას თავი?
_ ამათი შიშით ნამდვილად არ დაუნებებია. 2009 წელს მას გულთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა და მოწევას ექიმების მოთხოვნით დაანება თავი.
_ რაკი პარტიაში ბევრი ეწევით, ბევრი ფული შევა თქვენგანაც ბიუჯეტში ჯარიმების სახით.
_ ბიძინა ივანიშვილი გახლავთ საოცრად მომხვეჭელი კაცი. ის საზოგადოების ყველა ფენიდან შეეცდება სარგებლის მიღებას. სტატისტიკა მეტყველებს, რომ საქართველოში ბევრია მწეველი და ეს პრობლემა ასე მარტივად არ გადაიჭრება.
ხალხის ძარცვას სხვა უკუშედეგებიც მოჰყვება. სერიოზული პრობლემები შეექმნებათ რესტორნებს. ისინი ძალიან ბევრ კლიენტს დაკარგავენ.
_ რესტორნები რატომ დაკარგავენ კლიენტებს?
_ მოწევა იქაც იკრძალება. რესტორნებში ხალხი საქეიფოდ შედის. ნასვამი ადამიანი, როგორც წესი, უფრო მეტს ეწევა. ყოველ 15 წუთში ადგომა და მოსაწევად გარეთ გასვლა ქართული სუფრის ტრადიციებში არ ზის. ამის გამო რესტორნები კლიენტებს დაკარგავენ.
ეს აკრძალვები ერთგვარი ფსიქოლოგიური ტერორიც იქნება და საზოგადოება ძალიან მძიმე დღეში ჩავარდება.
_ საზოგადოება ამ გადაწყვეტილებას ჯერჯერობით გაგებით ეკიდება.
_ ეგ იმიტომ, რომ სანქციები ძალაში არ შესულა. როცა ამას საკუთარ ტყავზე იგრძნობენ, ალბათ გამოფხიზლდებიან და პროტესტს გამოხატავენ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ბოლომდე გაგებით მოეკიდონ ამ ყველაფერს.
ხალხის ინერტულობა ძალიან სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა. ჩვენმა მოსახლეობამ მოქმედი და წინა ხელისუფლების ბევრი ტყუილი გადაყლაპა. უამრავი რამე მოითმინეს, დოლარის კურსის ხელოვნური გაძვირება, ფასების მატება და ათასი უბედურება კიდევ. მოკლედ რომ გითხრათ, ეს ხელისუფლება საქართველოში თითქმის ყველა ოჯახს მეხივით დაეცა.
ამათი მომხვეჭელობის გამო ძალიან ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით კი მძღოლებს, სერიოზული პრობლემები შეექმნება. ისინი მთელი დღის მანძილზე საჭესთან ზიან და ამ დროის მანძილზე სადმე ხომ უნდა მოწიონ სიგარეტი. მე არ ვამბობ, რომ მოწევა კარგია, მაგრამ ამ პრობლემას ნელი ტემპებით უნდა ებრძოლო და არა _ ასეთი მეთოდებით.
ამათ არც მწევლების და არაც არამწევლების ჯანმრთელობა ადარდებთ. როგორც გითხარით, მათი მიზანი გაძარცვული ბიუჯეტის შევსება და სხვა უფრო სერიოზული პრობლემების მიჩქმალვაა.
_ თქვენი აზრით, კონკრეტულად რა პრობლემის გადაფარვა ხდება?
_ უმუშევრობა, სიღატაკე, მომატებული კრიმინალი. დღე ისე არ გავა, კონფლიქტისპირა რეგიონებიდან ადამიანები არ გაიტაცონ. ეს ხომ თავისთავად საშინელებაა, მაგრამ უარესი ისაა, რომ ხელისუფლებას ასეთ ფაქტებზე რეაქცია საერთოდ არ აქვს.
ახლა წამოწიეს სიგარეტის აკრძალვა და ყველა ამ თემაზე ლაპარაკობს. კიდევ ბევრ თემას მოიგონებენ. რამდენიმე წლის წინ ერთი ამბავი ატეხეს, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს ოჯახი ქალის და მამაკაცის ერთობააო. თითქოს აქამდე სხვა რამე იყო ოჯახი. ჩაწერით არაფერი ჩაუწერიათ, მაგრამ ხალხს ხომ გადაატანინეს ყურადღება.
ნარიყალას მთაზე წამომჯდარი მაფიოზი შუშის სასახლიდან კიდევ ბევრ რამეს მოიფიქრებს, ხალხის ყურადღება რომ გადაიტანოს და მისგან სარგებელი მიიღოს.
“ახალი თაობა”, შორენა მარსაგიშვილი