ბროწეული – ხილი, რომლის ცდუნებას ქალღმერთმა პერსეფონემ ვერ გაუძლო

ბროწეული - ხილი, რომლის ცდუნებას ქალღმერთმა პერსეფონემ ვერ გაუძლობროწეულის კულტურის ისტორია ორ ათასწლეულზე მეტს ითვლის. მსოფლიოში ცნობილ დელიკატესს საოცრად გაჯერებული გემო და ურიცხვი სასარგებლო თვისება გააჩნია. ბროწეულს მეტად საინტერესო ისტორია აქვს და მისი წარმომავლობის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს.
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, როდესაც ბუნების ქალღმერთი პერსეფონე ჰადესში მოხვდა, დაიფიცა, რომ არაფერს შეჭამდა, ვიდრე იქიდან თავს არ დააღწევდა. იგი თავისი სიტყვის ერთგული იყო, მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლო, როდესაც ბროწეულო დაინახა და ისე მოეწონა მისი გემო, მთლიანი ბროწეულიდან მხოლოდ 6 მარცვალი დარჩა. ამბობენ, რომ სწორედ მას შემდეგ წელიწადში 6 თვე ცივა, 6 თვე კი ცხელა.
მსოფლიო კულინარიაში ბროწეულის მარცვლებით სხვადასხვა კერძს კმაზავენ. აღმოსავლეთში მისგან ჰალვას ამზადებენ, ჩრდილოეთ ინდოეთში მზარეულები ბროწეულის მარცვლებს ახმობენ და სანელებლად იყენებენ. მისი წვენი არამარტო კერძებსა და დესერტებში გამოიყენება, არამედ შესანიშნავი მარინადიცაა.
გთავაზობთ ბროწეულის ყველზე გავრცელებული სალათისა და წვენის რეცეპტებს.
სალათა
მასალა:
ჭარხალი – 4 ცალი.
ბროწეული – 3 ცალი.
კარტოფილი – 4 ცალი.
სტაფილო – 4-5 ცალი.
კვერცხი – 2 ცალი.
ქათმის ხორცი – 200-300 გრამი.
ნიგოზი – 100 გრამი.
ხახვი – 2 თავი.
ყველი – 100 გრამი.
მაიონეზი – 200 გ.
პილპილი, მარილი ზეთი, – გემოვნებით.
მომზადება:

ბოსტნეული და ქათმის ხორცი მოხარშეთ. ხორცი დაჭერით კუბიკებად, ხოლო ბოსტნეული მსხვილ სახეხზე გახეხეთ. გაატარეთ ნიგოზი და წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად ზეთში მოთუშეთ.
ბროწეული და ჭარხალი ცალ-ცალკე შეინახეთ, ხოლო სალათის დანარჩენი ინგრედიენტები ერთ ჭურჭელში მოათავსეთ და მაიონეზით, მარილითა და პილპილით შეაზავეთ (ძალიან თხელი მასა არ უნდა გამოგივიდეთ). სალათისთვის, სასურველია, გამოიყენოთ მრგვალი ფორმის ლანგარი, რომლის ცენტრშიც მოათავსებთ ჭიქას.
ლანგარზე, ჭიქის გარშემო, მოათავსეთ ჭარხლის ფენა და მოასხით მაიონეზი. შემდეგ გადაანაწილეთ მაიონეზიანი ბოსტნეული, ზემოდან ისევ ჭარხალი და მაიონეზი (ამ სალათისთვის მნიშვნელოვანია წითელი ფერი, ამიტომ შეგიძლიათ, მაიონეზი წინასწარ გადაურიოთ ჭარხალში, რომ შეიღებოს). ბოლოს ამოაცალეთ ჭიქა და გარედან სალათას ბროწეული მოაყარეთ ისე, რომ მთლიანად დაიფაროს.
.
ბროწეულის წვენი
მასალა:
ბროწეული – სურვილისამებრ.
შაქარი – 1 ლ. ბროწეულის წვენზე 100 გ.
მომზადება:

ბროწეულის მარცვლებისგან წვენი გამოწურეთ, ჩაასხით მომინანქრებულ ქვაბში, გააცხელეთ 95 გრადუსამდე, დაუმატეთ შაქარი. როცა შაქარი მთლიანად გადნება, ცხელივე ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ.

შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილზე.
“სარკისთვის” მოამზადა თათია ბოჭორიძემ