„კობახიძე ევროკავშირს ეხვეწებოდა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი დაიწყოს”

გიგი გიგიაძე: “საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, აღარ განიხილება”

„ახალი თაობის” კითხვებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე პასუხობს.
– ბატონო გიგი, ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით შეფასება არის კრიტიკული და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეჩერებულად არის მიჩნეული. ეს შეფასება საქართველოსთვის რამდენად მძიმეა? რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს?
– „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას დიდი ზიანი მიაყენა. ჩვენ გვაქვს სერიოზული უკუსვლა ევროინტეგრაციის გზაზე. ამიტომ, ეს შედეგი, რაც დადგა, არის ძალიან ლოგიკური. ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ საქართველო ევროკავშირს, ევროპასა და ევროპულ ცივილიზაციას დაშორდება. ჩვენი ინტეგრაციული პროცესი უკვე შეჩერებულია. საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა აღარ განიხილება. ჩვენთან დაკავშირებით ევროკავშირის დღის წესრიგში საქართველოს გაწევრიანება ან მოლაპარაკებების დაწყება, დიდი ხანია აღარ განიხილება. ეს არის მიზანმიმართული ზიანის მიყენება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. ეს არის სრულიად გააზრებულად გადადგმული ნაბიჯი, რომლის მიზანი არის, რომ საქართველოში რუსული ინტერესები დამკვიდრდეს და საქართველოს ევროპული მომავალი მოისპოს.
– რამდენიმე დღის წინ, „ევრონიუსის“ გაფართოებული სამიტი ჩატარდა, სადაც ერთ-ერთი სპიკერი იყო ირაკლი კობახიძე. პრემიერ მინისტრმა საერთაშორისო აუდიტორიას საქართველოს ხელისუფლების პოზიციების დამაჯერებლად ახსნა?
– ეს ინტერვიუ იყო კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის „ქართული ოცნება“ აცდენილი რეალობას. პროფესიონალმა ჟურნალისტმა კობახიძეს ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარა, ყველა კრიტიკული კითხვა დასვა. ამ კითხვებს აქ, საქართველოში კობახიძეს უსვამენ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რაზეც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განსაკუთრებული ცინიზმით და უხეშობით პასუხობენ. კობახიძეს ეგონა, რომ ბრიუსელში ამის უფლებას ვინმე მისცემდა. მან ყველა ის კრიტიკული კითხვა მოისმინა, რაც საქართველოში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებობს. მან ვერცერთ კითხვას პასუხი ვერ გასცა. ეს იყო ყველაზე სამარცხვინო ინტერვიუ, რაც კი ოდესმე მომისმენია ჩემს ცხოვრებაში. უცხოელმა ჟურნალისტმა რამდენჯერმე ძალიან საინტერესო კითხვა გაუმეორა კობახიძეს. მან ჰკითხა – რისთვის ხართ, თქვენ აქ? ეს კითხვა ჩვენ სულ სხვაგვარად უნდა წავიკითხოთ. ეს კითხვა ნიშნავს – ვის ატყუებთ თქვენ? კობახიძე ერთის მხრივ, ამბობს, რომ მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მაგრამ ის ელოდება, თუ როდის შეიცვლება ევროკავშირი. კობახიძეს ეგონა, რომ ამ აბსურდს ვინმე დაიჯერებდა. ერთსა და იმავე წინადადებებს იმეორებდა და სრულიად აცდენილ გზავნილებს აჟღერებდა. რამდენჯერმე გაიმეორა, რომ დაგველაპარაკეთ და დიალოგი გახსენითო.
კობახიძე ევროკავშირს ეხვეწებოდა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი დაიწყოს. ამაზე ჰერჩინსკიმ კარგი პასუხი გასცა. ცხადია, რომ ეს საუბარი ამ რეჟიმთან ვერ დაიწყება. „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის არაფერი გააკეთა. ისინი 24 საათი ლანძღავენ ევროკავშირის ინსტიტუტებს. მათ დიპლომატებს პირად შეურაცხყოფას აყენებენ და ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. ამ რეალობაში ვერანაირი დიალოგი ვერ იარსებებს.
– ხელისუფლების წარმომადგენლებმა და „ოცნების“ მხარდამჭერებმა ეს ინტერვიუ შეაფასეს, როგორც კობახიძის მასტერკლასი დემოკრატიაში.
– ეს იყო სირცხვილის მასტერკლასი. „ევრონიუსის“ მაყურებელთა დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის უმრავლესობას არ წარმოადგენს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები კობახიძეს უყურებენ, როგორც საქართველოს წარმომადგენელს. კობახიძის ინტერვიუ რეალობას არის აცდენილი.
– კობახიძემ თქვა, რომ საქართველო ევროკავშირში საკუთარი სუვერენიტეტისა და ღირსების განმტკიცებით აპირებს. ეს მიდგომა რამდენად რეალურია? ურთიერთობის აღსადგენად პირველი ნაბიჯი ვინ უნდა გადადგას?
– ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ შეთხზული, გამოგონილი ფრაზეოლოგია. ყველა ქვეყანა საკუთარი სუვერენიტეტის დაცვით ხდება ევროკავშირის წევრი. ბრიუსელის ნებისმიერ ტრიბუნაზე ამის გამეორება ნიშნავს, რომ შენ ელემენტარული ანა-ბანა არ იცი და საბაზისო ცოდნა არ გაქვს. „ქართული ოცნება“ რუსული ნარატივის დათესვას ცდილობს, რომ თითქოს ევროკავშირი სუვერენიტეტს გართმევს. ეს არის სრული აბსურდი. ამ აბსურდის გაჟღერება არის ევროკავშირში შეურაცხყოფის მიყენება. მათ ეს მიზანმიმართულად გააკეთეს, როდესაც ჩვენ მათი მომღიმარე სახეები ვნახეთ, როდესაც კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ ევროკავშირისგან პირველ ნაბიჯებს ველოდებით. ამაზე გაეცინათ ქართული ე.წ. დელეგაციის წარმომადგენლებს.
„ქართულ ოცნებას“ ევროპასთან მიმართებით უშინაარსო დღის წესრიგი აქვს, რითაც ისინი საქართველოს ევროპულ მომავალს ძირს უთხრიან.
– ბრიუსელში გამართულ „ევრონიუსის“ სამიტზე სხვა კანდიდატი ქვეყნების ლიდერების გამოსვლებიც ვიხილეთ. საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე რამდენად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს, მაგალითად, მოლდოვას?
– მე მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით პარალელებს არ გავავლებ. საქართველოსთან მიმართებით არავითარი პროცესი აღარ მიმდინარეობს. ანგარიშში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო არის პირველ ადგილზე, სახელმწიფოს მიტაცების კუთხით. საქართველოს შემდეგ არის ბოსნია-ჰერცოგოვინა, სერბეთი და თურქეთი. ამის ფონზე, როდესაც კობახიძე სუვერენულობის დაცვაზე საუბრობს, ეს არის სასაცილო, რადგან საქართველო რუსეთის და ირანის სანქციების არიდების შავ ხვრელად გადაიქცა.
– შუალედური არჩევნების შედეგად, დემოკრატებმა კონგრესზე კონტროლი მოიპოვეს. რესპუბლიკელები რატომ დამარცხდნენ?
– რესპუბლიკელთა მარცხს რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთი ასეთი მიზეზი არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ირანის ომმა მოიტანა. ეს შედეგი, რაც ამერიკაში დადგა, არის სრულიად ლოგიკური. ამერიკელებმა უარი უთხრეს იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რასაც ისინი ბოლო ორ წელიწადში უყურებენ. ამაში დიდი როლი ითამაშა ირანის ომის შედეგად, დიზელის ფასის ზრდამ. მომდევნო ორი წლის მანძილზე საინტერესო პროცესებს ვნახავთ, როდესაც კონგრესი თავიდან ბოლომდე დემოკრატების ხელში იქნება. დემოკრატები ეცდებიან, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინონ. ეს არ იქნება რთული პროცესი, რადგან ტრამპს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, გარკვეული თავისუფლება დარჩება.
– შუალედური არჩევნების შემდეგ ტრამპს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის დამყარება გაუჭირდება?
– ქვეყნის შიგნით, რასაკვირველია, კი. ეს ნაწილობრივ საგარეო პოლიტიკაზეც აისახება. ტრამპი შესაძლოა, უფრო მეტად საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე გადაერთოს.
– შუალედურ არჩევნებს, ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე რა გავლენა ექნება? როგორ შეიცვლება ამერიკის ურთიერთობები ევროპასთან, უკრაინასთან, სამხრეთ კავკასიასთან და განსაკუთრებით საქართველოსთან?
– საქართველოსთან დაკავშირებით იყო რამდენიმე კარგი დოკუმენტი, მაგალითად, „მეგობარი აქტი“. ეს მხარდაჭერა შენარჩუნდება. უკრაინას რაც შეეხება, აქ ტრამპის ადმინისტრაცია გაცილებით უფრო ანგარიშვალდებული გახდება კონგრესის მიმართ. თითოეული გადაწყვეტილების დასაბუთება მოუწევთ. ეს პროცესი შესაბამის შედეგს დააყენებს. ამერიკის პრეზიდენტი საგარეო საკითხებში მეტ ავტონომიას ინარჩუნებს.

კოტიკო გოგინაშვილი, „ახალი თაობა“