ჩეჩნეთში
ჰომოსექსუალ მამაკაცებს საკონცენტრაციო ბანაკებში ათავსებენ, სადაც მათ აწამებენ და უმოწყალოდ სცემენ, აცხადებენ ადამიანის უფლებადამცველები.
როგორც ინდეფენდენთი წერს, უფლებადამცველები აღნიშნული საკითხით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც რუსულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ დაახლოებით 100 ჰომოსექსუალი მამაკაცი დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს. მათგან 3 მოკლულია.
თავის მხრივ, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის პრესსპიკერი ალვი კარიმოვი ბრალდებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალები არ არსებობენ.
_ თქვენ ვერ დააკავებთ და აწამებთ იმ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ არ არსებობენ – განაცხადა კარიმოვმა „ინტერფაქსთან“ საუბრისას.
_ ჩეჩნეთში რომ ასეთი ადამიანები არსებობდნენ, სამართალადამცველებს მაინც არ მოუწევდათ მათ გამო შეწუხება, რადგან საკუთარი ნათესავები გაგზავნიდნენ ისეთ ადგილას, საიდანაც ვეღარ დაბრუნდებოდნენ, – აღნიშნა კარიმოვმა.
სავარაუდოდ, მამაკაცები ქალაქ არგუნის „ბანაკებში“ ჰყავთ დამწყვდეული.
MailOnline-თან რუსეთის „ლგბტ“ მოძრაობის წევრის, სვეტლანა ზახაროვას განცხადებით, ორგანიზაცია დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ცდილობს.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც ბანაკიდან გაქცევა მოახერხეს, ყვებიან, რომ ელექტროშოკით აწამებენ და სასიკვდილოდ სცემენ.

