ემზარ კვიციანი: “როცა ბოკერიას აგენტი ვუწოდე, მოტრიალდა და დებილი მიწოდა. ამიტომაც ვესროლე კალამი”

ემზარ კვიციანი: "როცა ბოკერიას აგენტი ვუწოდე, მოტრიალდა და დებილი მიწოდა. ამიტომაც ვესროლე კალამი"რატომ არა აქვს გიგა ბოკერიას მისთვის შეხედვის უფლება და რაზე წყდება გული, ვისი უფლებებია დაცული საქართველოში? – ამ თემებზე “ახალ თაობას” პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი ესაუბრება.

– საზოგადოება იმან უფრო გააღიზიანა, გიგა ბოკერიას კალამი რომ ავაცილე. მე არსად განმიცხადებია, რომ ადამიანებს ჩემკენ გამოხედვის უფლება არა აქვთ. გიგა ბოკერია ჰგონიათ ადამიანი? გიგა ბოკერია გახლავთ ის ჯალათი, რომელმაც ჩემი და, ნორა, 6 წელი ტყუილად გამოამწყვდია ციხეში. ბოკერიასა და მის გარშემომყოფებს როგორ შეიძლება, ადამიანები ვუწოდო, როცა მათ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსებს დაუკანონეს, – აცხადებს კვიციანი.

მისი აზრით, დღეს საქართველოში თავს დაცულად მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები გრძნობენ. ბოკერია და მისი ფრთა დღევანდელმა ხელისუფლებამ გააბლატავა. არადა, ეს ის ხალხია, რომლებიც წლების განმავლობაში მთელ საქართველოს აწამებდნენ და სისხლში აცურავებდნენ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ისინი გარეთაც კი ვერ უნდა გამოსულიყვნენ. მოხდა პირიქით. გარეთაც გამოვიდნენ და პარლამენტშიც გამომწვევად ყელყელაობენ.

– დაცული ვარ ახლა მე? რა თქმა უნდა, არა ვარ. არავისი მე არ მეშინია, თავის დაცვაც მეხერხება და საკადრისი პასუხის გაცემაც, მაგრამ თავს დაუცველად სხვა მიზეზით ვგრძნობ. ნაციონალური მოძრაობა იმიტომ დაირქვეს, რომ ხალხს კარგები ჰგონებოდათ. ნაციონალების შირმას ამოფარებულებმა გაანადგურეს მთელი ნაცია. ეს არის 21-ე საუკუნის პოლიტიკა და ჯაშუშური მუშაობის შედეგი.

„ახალ თაობის“ კითხვაზე რატომ გამოვიდა წყობილებიდან და რატომ ესროლა ბოკერიას კალამი, კვიციანმა გვიპასუხა:

– კლოუნადა მოაწყოო, მაგ ბოკერიამ ესეც თქვა ჩემზე. მთელი თავისი ცხოვრება ეგ და მაგისიანები სხვების დავალებით აწყობდნენ კლოუნადებს და ამიტომაც მეც ასეთი ვგონივარ. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვინმე საქმეს გულით აკეთებდეს და არც ის წარმოუდგენიათ, რომ ვიღაცას შეიძლება, მართლა გულით ეწყინოს რაღაცა.

კლოუნადები და ხელისუფლების დავალებების შესრულება მოიკითხონ თავისკენ. მე არ ვარ ის ადამიანი, ვიწუწუნო, პროვოკაცია მომიწყვესო. სადაც პროვოკაციას მომიწყობენ, იქ გავაკეთებ იმას, რის გაკეთებაც შემიძლია. მაგათ პროვოკაციას თავს არ ავარიდებ.

მედია ბოლომდე არ ცდილობთ იმის გარკვევას, თუ რატომ გავბრაზდი მაშინ ასე ძალიან. არსად და არავისთვის არ მითქვამს, რა მითხრა იმ დღეს ბოკერიამ. ამას ექსკლუზივის სახით გეუბნებით – როცა ბოკერიას აგენტი ვუწოდე, მოტრიალდა და დებილი მიწოდა. ამიტომაც ვესროლე კალამი. სხვა დროსაც თუ გაბედავს, საკადრისს მიიღებს.