დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს – ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას –
შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სუს-ის უფროსის ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხმა გამოიწვია.
ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხზე მსჯელობისას ემზარ კვიციანმა განცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხდომა ღია რეჟიმში ჩატარდებოდა თუ დახურულში, ვინაიდან დარბაზში უცხო ქვეყნის რეზიდენტი იჯდა და გიგა ბოკერიაზე მიუთითა.
ამას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან სიცილი, უშუალოდ ბოკერიას მხრიდან კი კვიციანის მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა, რამაც კვიციანის გაბრაზება გამოიწვია.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ბოკერიასთან მისვლა დააპირა, თუმცა ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს, იქამდე კი მან ბოკერიას მისამართით წყლით სავსე ჭიქა ისროლა.
– გიგა ბოკერიას ჩემი მისამართით შენი ჭირიმეც რომ ეთქვა, მას ამის უფლებაც არ აქვს, – უთხრა ჟურნალისტებს ემზარ კვიციანმა. მისივე თქმით, სხდომათა დარბაზში ბოკერიასთან დაპირისპირებისას ის ემოციებს აჰყვა.
– ბოკერიას ჩემი და რამდენიმე წელი ჰყავდა ციხეში გამოკეტილი. ვინმეს უკვირს, რომ გაღიზიანებას გამოიწვევდა მის მიერ ჩემი მისამართით წარმოთქმული სიტყვა? ბოკერიას ჩემი მისამართით შენი ჭირიმეც რომ ეთქვა, მას ამის უფლებაც არ აქვს. დამნაშავეებმა არ აგეს პასუხი ამ ქვეყანაში. ეს იყო ემოცია და მე მოსახლეობას ბოდიში მოვუხადე. მინდა მივმართო ხელისუფლებას, ნუ უბიძგებთ მოსახლეობას შურისძიებისკენ. აღადგინეთ სამართლიანობა, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

