ევროპარლამენტი მარინ ლე პენს იმუნიტეტის მოხსნას უპირებს

ევროპარლამენტი მარინ ლე პენს იმუნიტეტის მოხსნას უპირებსევროპარლამენტმა „ეროვნული ფრონტის“ ლიდერ მარინ ლე პენისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა დაიწყო.
14 აპრილს ფრანგმა გამომძიებლებმა მარინ ლე პენისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დააყენეს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლე პენმა განაცხადა, რომ არ აპირებს სასამართლოში ჩვენების მისაცემად გამოცხადებას, ვინაიდან საპარლამენტო იმუნიტეტითაა დაცული.
29 და 30 მარტს, გამომძიებლებმა ევროპარლამენტში მოთხოვნა გააგზავნეს მარინ ლე პენსა და მარი-კრისტინ ბუტონესთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.
მარინ ლე პენი და მარი-კრისტინ ბუტონე ეჭვმიტანილნი არიან ფიქტიურ დასაქმებაში.

გამოძიების მტკიცებით, ისინი სახელფასო ანაზღაურებას უხდიდნენ პირებს, რომლებიც გაფორმებული ჰყავდათ როგორც საპარლამენტო თანაშემწეები და რომლებიც, მათი მტკიცებით, თითქმის არასოდეს გამოჩენილან ევროპარლამენტში.
ევროპარლამენტი, როგორც წესი, საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე კენჭისყრას პლენარულ სხდომაზე ატარებს და ეს პროცესი რამდენიმე თვე გრძელდება. ეს კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომლის მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება.