პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა წლიური ანგარიში წარადგინა, შემდეგ კი სხდომა დაიხურა, თუმცა, მანამდე ინციდენტი მოხდა დეპუტატებს შორის.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას დაუპირისპირდა, კვიციანმა ბოკერიას წყლით სავსე ჭიქა ესროლა.
მოგვიანებით მომხდარზე კომენტარი გიგა ბოკერიამ გააკეთა და ემზარ კვიციანს „კლოუნადის ავტორი“ უწოდა:
– პრობლემა ის არის, რომ ასეთი სატელიტები აირჩია და შექმნა მმართველმა გუნდმა, ქვეყნის წინააღმდეგ ამბოხებული ადამიანი, რომელიც რუსეთში აფარებდა თავს და ინტერვიუს იძლეოდა, რომ შავკანიანი ამერიკელები იბრძოდნენ ქართულ მხარეს, მათი მოკავშირეა და ასეთი კლოუნადისთვის იყენებენ, ეს არის სამარცხვინო და მძიმე რეალობა და არა ის სპექტაკლი, რომელიც ამ კომიკურმა პიროვნებამ გაითამაშა, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

