თბილისის მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი მძღოლებში, დღითიდღე მატულობს აგრესია სითი პარკის მიმართ.
ბოლო 2 წლის განმავლობაში სითი პარკმა 62 მილიონი ლარი ამოიღო მოსახლეობის ჯიბიდან. როგორც კახა კუკავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ამბობს, ამ თანხიდან 18 მილიონი სითი პარკმა თბილისი მერიას გადაურიცხა, დანარჩენი კი სახლში წაიღო.
„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს კეთდებოდა განცხადებები, რომ სითი პარკის თავნებობას აუცილებლად მოეღებოდა ბოლო, რომ მას ხელშეკრულებას გაუუქმებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.
ვინ მფარველობს ამ ბიზნესს და რომელ მაღალჩინოსნებს მისდით წილები ამ ბიზნესიდან? „ახალ თაობას“ ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ესაუბრება.
– ამ საქმეზე 2,5 წელი იჯდა ციხეში უგულავა და დიდი იმედი მაქვს, რომ ცოტა უფრო მეტს გაატარებენ ციხეში ბიძინა ივანიშვილი, კახი კალაძე, დავით ნარმანია და კიდევ ის პირები, რომლებსაც გამოძიება დაადგენს. სავარაუდოდ, ამ სიაში მოხვდება უჩა მამაცაშვილიც, – აცხადებს კუკავა.
თუმცა ამ საქმეში მთავარი დამნაშავეა ორი პიროვნება, ბიძინა ივანიშვილი და დავით ნარმანია.
კუკავას მტკიცებით, ნარმანიას გარეშე მრავალმილიონიანი კორუფციული გარიგება ვერ შედგებოდა.
– როცა მრავალმილიონიანია კორუფციული გარიგება, მას უბრალოდ სხვა რანგი ვერ გადაწყვეტს, ამ მასშტაბის კორუფციაზე სანქცია უნდა გასცეს ივანიშვილმა და ამ საქმეზე აუცილებლად ჩაჯდება ციხეში დავით ნარმანია, იმიტომ, რომ ყველა შემთხვევაში, ფორმალურად მისი ხელმოწერაა საჭირო.
ბიძინა ივანიშვილი უშუალოდ ვერ განახორციელებდა ამ კორუფციას ნარმანიას გარეშე. ეს ორი მინიმუმ არის ამ საქმეში. სავარაუდოდ, ამ საქმეში მონაწილეობს ასევე ივანიშვილის ფინანსური გარემოცვა.
ხელისუფლებას რომ ვამბობთ, ისე გამოდის, თითქოს კვირიკაშვილია წილში. თუ სიმართლეა, სიმართლე იყოს, წილში არის ბიძინა ივანიშვილი! თავის დროზე იყო წილში მიხეილ სააკაშვილი, ხოლო როდესაც პიქსელის შენობაში მოხდა წილების გადაბარება, ინვესტორებისგან, რომლებსაც მანამდე წეწავდა მიშა, ეს წილები გადაიფორმეს ივანიშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა, –განუცხადა „ახალ თაობას“ კაახა კუკავაამ.

