ხვალ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ხვალ ადგილობრივი დროით 20.00 საათამდე ნებისმიერი სახის აგიტაცია კანონით აკრძალულია.
ქვეყნის მასშტაბით 2009 საარჩევნო უბანია გახსნილი. საზღვარგარეთ უბნების გახსნა არ არის გათვალისწინებული.
სომხეთში პროპორციული სისტემით არჩევნები პირველად იმართება. ამომრჩეველს არჩევანი აქვს: ხმა მისცეს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას (ბლოკს) ან კიდევ ხმა მისცეს ერთ-ერთ კანდიდატს, რომელიც პარტიას ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში ჰყავს წარდგენილი.
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს: მმართველი „რესპუბლიკური პარტია“, პარტია „სომხური აღორძინება“, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკ ცუტუნი“, პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ და სომხეთის „კომუნისტური პარტია“. არჩევნებში ასევე ოთხი ბლოკი მონაწილეობს: ბლოკი „ცარუკიანი“, ბლოკი „გამოსავალი“, ბლოკი „ოგანიანი-რაფი-ოსკანიანი“ და ბლოკი „კონგრესი – ნპა“.

