საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცდომაშია შეყვანილი.
ასე გამოეხმაურა მარგველაშვილი კობახიძის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდა.
_ სამწუხაროდ, საქართველოში კლასიკად ჩამოყალიბდა, რომ შენი წარუმატებლობა სხვას გადააბრალო. როცა რამე გიჭირს, უნდა იყოს ადამიანი ან პოლიტიკური ჯგუფი, რომელზეც იტყვი, მე კი არ შემეშალა, ცოტათი მაინც, ეს არის შეთქმულება… პოლიტიკაში ათასი კაცი მოვა და რაღაცას გეტყვის, რომ შენ ზურგს უკან შეთქმულება იგეგმება. შენ თუ ხარ მიდრეკილი, ძალაუნებურად ასეთ განცხადებას გააკეთებ, მითუმეტეს ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, _ განაცხადა პრეზიდენტმა.
მან თქვა, რომ 24 საათის განმავლობაში ტელევიზიით რომ ეთქვა, რომ არ მოსწონს საკონსტიტუციო კომისია, ესეც არანაირი დანაშაული არ იქნებოდა.
_ ეს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებაა. ვინმეს თუ ჰგონია, რომ საკონსტიტუციო ორგანო კონსტიტუციური ორგანოა, ღრმად შემცდარა. კონსტიტუციური ორგანოა, მაგალითად, სახალხო დამცველი, რომელსაც უნდა მოუსმინო, საკონსტიტუციო სასამართლო. ეს ყველაფერი ლამაზი ხელით არის კონსტიტუციაში დაწერილი, _ აღნიშნა ბ-მა მარგველაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ სულ ამბობდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დავეხმაროთ.
_ საკონსტიტუციო კომისიის წევრები ჩემთან ერთად დადიან რეგიონებში, ესაუბრებიან ხალხს და ასე შემდეგ. როცა შეთქმულების თეორიებზე საუბრობენ, მგონია, რომ ეს არის შეცდომაში შეყვანილი ადამიანის განცხადება, რომელსაც რაღაცა უთხრეს და დაიჯერა, არა მგონია, რომ მოიგონა, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

