კობა ხაბაზი: “ირაკლი ჩხვირკია თბილისში ჩემთან ერთად იყო, ბათუმის ამბები რომ დაიწყო”

კობა ხაბაზი: "ირაკლი ჩხვირკია თბილისში ჩემთან ერთად იყო, ბათუმის ამბები რომ დაიწყო"11-12 მარტს ბათუმის მოვლენებში ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში სერიოზული ხმაური და პროტესტი მოჰყვა. ჩხვირკიას ახლობლები აცხადებდნენ, რომ ის უდანაშაულოა და მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლო პროცესს ნაციონალური მოძრაობის წევრი კობა ხაბაზიც ესწრებოდა, რომელიც ირაკლი ჩხვირკიას პოლიტპატიმარს უწოდებს და აცხადებს, რომ ბათუმის მოვლენების დროს ირაკლი მის გვერდით იყო თბილისში და მხოლოდ მაშინ ჩავიდა ბათუმში, როცა პროცესები დამთავრებული იყო.

– ირაკლი ჩხვირკიას ბრალი წაუყენეს ბათუმში მიმდინარე მოვლენების ორგანიზებისთვის. როგორ შეიძლება ირაკლი ორგანიზატორი ყოფილიყო, როდესაც ამ აქციის შესახებ მან ჩემთან ერთად გაიგო. ვიყავით თბილისში, პარტიის ოფისში. იქ ჩვენ გარდა იყო უამრავი ადამიანი და ყველამ იქ გავიგეთ ბათუმში მიმდინარე აქციის შესახებ, – განაცხადა „ახალ   თაობასთან“ კობა ხაბაზმა.

როგორც მან განაცხადა, ირაკლი ჩხვირკია თბილისიდან გავიდა ღამის პირველ საათზე. ეს ძალიან იოლად გადამოწმებადია და ეს ისედაც ძალიან კარგად იცის პროკურატურამ.

– ირაკლი ჩხვირკია ბათუმში ჩავიდა გამთენიას დაახლოებით ხუთის ნახევარზე. მაშინ, როდესაც მანქანებიც დამწვარი იყო, ყველა პროცესი დასრულებული იყო ფაქტობრივად. როგორ შეიძლება ირაკლი ჩხვირკია ყოფილიყო ამ აქციის ორგანიზატორი. ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები ამის თაობაზე. წარმოუდგენელი იყო ის, რაც გააკეთეს. აქ საუბარი არ არის ყურით მოთრეულ ამბავზე, აქ არის საუბარი ფაქტობრივ მტკიცებულებებზე. მარტო მე ხომ არ ვამბობ, რომ ის თბილისში იყო და ჩემ გვერდით იყო, რომ ერთად ვიყავით თბილისში, ამას დაახლოებით 30 კაცი დაადასტურებს. ამის შემდეგ, როდესაც ადამიანს ბრალს წაუყენებ ორგანიზატორობაზე, რა შეფასებები უნდა გავაკეთო გარდა იმისა, რომ ეს უნამუსობაა! – აცხადებს ხაბაზი.

მისი აზრით, მოსამართლეზე ზეწოლა განხორციელდა.

–  ხმის კანკალით წაიკითხა განაჩენი. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ დიდ უსამართლობას და უსინდისობას სჩადიოდა, – აცხადებს „ახალ თაობასთან კობა ხაბაზი.

კიტხვაზე –  ვინ იყო აქციის ორგანიზატორი? – ყოფილი დეპუტატი პასუხობს:

– ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და შემიძლია დაზუსტებით გიპასუხოთ. აქცია წარმოიშვა სპონტანურად. ეს განაპირობა იმან, რომ მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი იყო დაჯარიმებულთა რაოდენობა. ხოლო რაც შეეხება მანქანების დაწვას, რაც შეეხება მოლოტოვის კოქტეილებს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ხელისუფლების ორგანიზებული ღონისძიება.