გუშინ, 9 აპრილს, ცხინვალში დიდ არეულობას ელოდებოდნენ. იქაურმა ძალოვნებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი კოკოითი არეულობის გზით არჩევნების ჩაშლას აპირებდა. დაანონსებული არეულობა არ შედგა, არჩევნები კი ისეთ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ვერ გაიგებდი, ხალხი პრეზიდენტს ირჩევდა თუ პანაშვიდზე მიდიოდა.
საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ეს არჩევნები და მასთან ერთად დაგეგმილი რეფერენდუმიც არალეგიტიმურად შერაცხა. ასეთი რამეების რუსეთს დიდი ხანია, აღარ რცხვენია და სახელმწიფო დუმიდან რამდენიმე კაცი მიავლინა დამკვირვებლად.
დუმელების გარდა, არჩევნებს სხვადასხვა არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ. ოსური მედიის ცნობით, არჩევნებს სულ 80 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა.
ცხინვალის რეგიონის გარდა, საარჩევნო უბნები სოხუმსა და ვლადიკავკაზშიც იყო გახსნილი. ვერ გეტყვით, რა საარჩევნო ბაცილა ჰქონდა შეყრილი ამ ხალხს, მაგრამ ხმის მიცემაზე ჩრდილოეთ ოსეთში რიგებიც კი დადგა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რიგში მდგომებისთვის სახელდახელო სეფა გაჭიმეს და მსურველებს ყავით უმასპინძლდებოდნენ. რომელი კანდიდატის სურნელი ასდიოდა ყავას, ამის შესახებ ოსური მედია არ იტყობინებოდა.
ადგილობრივი მედიის ცნობითვე, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა არტურ ტაიმაზოვმა საარჩევნო უბნების სიმცირის გამო საყვედური გამოთქვა. დუმის დეპუტატის თქმით, ჩრდილოეთ ოსეთში უფრო მეტი საარჩევნო უბანი უნდა გახსნილიყო.
დამკვირვებლის “საპატიო” მისიის შესრულებამდე რამდენიმე დღით ადრე ტაიმაზოვი სკანდალში გაეხვია. მას დოპინგის გამოყენების ფაქტი დაუდგინდა და ამის გამო 2012 წლის ოლიმპიურ ოქროს ართმევენ.
ხალხი საარჩევნო უბნებს ცხინვალშიც მიასკდა. დამკვირვებელთა განცხადებით, ეს იქაურების მაღალ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს.
განსაკუთრებული აღფრთოვანება დნესტრისპირეთის არაღიარებული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ ალექსანდრ შევჩენკოს ეტყობოდა.
მისი თქმით, ხალხი მშვიდ ვითარებაში აკეთებდა არჩევანს.
_ ეს მათ მოქალაქეობრივ შეგნებასა და მაღალ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს. _ აღნიშნა მედიასთან საუბარში შევჩენკომ.
სხვა დამკვირვებლების მსგავსად, ისიც ამბობდა, რომ მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. დარღვევებზე არც ცესკოში უსაუბრიათ.
არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს, 10 აპრილს უნდა გამოქვეყნდეს. არჩევნებამდე ყველა მეორე ტურს ელოდებოდა. იქაური ექსპერტების თქმით, მეორე ტური მოქმედ პრეზიდენტ თიბილოვსა და პარლამენტის სპიკერ ბიბილოვს შორის გაიმართებოდა.

