„კრემლის ძირგამომთხრელი მუშაობის სამიზნე საქართველოც გახდა“

„კრემლის ძირგამომთხრელი მუშაობის სამიზნე საქართველოც გახდა“ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ევროპაში თავის ერთ-ერთ მთავარ პლაცდარმს რუსეთი სერბეთში მოაწყობს.

2 აპრილს სერბეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი გააგრძელებს გზას ევროპისკენ, მაგრამ ამასთან, შეინარჩუნებს მეგობრობას მოსკოვთან და პეკინთან.

მისი განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა. დასავლური მედია არჩევნებამდე იუწყებოდა, რომ სერბეთის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი თავის საარჩევნო კამპანიას აწყობდა რუსეთისადმი კეთილგანწყობისა და პუტინთან კარგი ურთიერთობების საფუძველზე. სერბეთი ევროპის ნაწილია. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანაში ძლიერია რელიგიური და კულტურული კავშირები რუსეთთან.

ამ სიტუაციაში რუსეთს არ უნდა დასჭირვებოდა ჩარევა სერბეთის არჩევნებში. არის ვარაუდი, რომ რუსეთმა გავლენა მოახდინა ცოტა ხნის წინ ჩატარებულ ბულგარეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების შედეგებზე. ევროპელი ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ რუსეთის გავლენით ბულგარეთის ხელისუფლება, პროდასავლური განაცხადების მიუხედავად, ნაკლებად ორიენტირებული იქნება ევროპაზე და მეტად _ რუსეთზე.

სხვა ქვეყნებში განხორციელებულ უკანონო ქმედებებში, მათ შორის, კიბერშეტევებში, რუსეთს ბევრი სახელმწიფო ადანაშაულებს. აშშ-ში გრძელდება გამოძიება და იმის გარკვევა, ერეოდა თუ არა მოსკოვი აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში.

_ მოსკოვმა ახლახან გააფართოვა ამგვარი სახის საქმიანობა საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდის მიმართ, _ წერს ლოს ანჟელეს თაიმსი.

გამოცემის ინფორმაციით, კრემლი ერეოდა უკრაინის არჩევნებში 2004-დან 2014 წლებში, რუსეთმა დააზიანა უკრაინის ცესკოს სერვერები. კრემლის პოლიტიკური ძირგამომთხრელი მუშაობის სამიზნედ იქცნენ უნგრეთი, საქართველო და ბალტიის ქვეყნები.

მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში და ბუნდესტაგის არჩევნები გერმანიაში. არის საფრთხე, რომ რუსეთი ამ არჩევნებში ევროკავშირის შენარჩუნების მომხრეების _ ემანუელ მაკრონისა და ანგელა მერკელის წინააღმდეგ იმუშავებს.

გერმანიის ფედერალური კანცლერის უწყებამ დაავალა გერმანიის სპეცსამსახურებს, გამოიკვლიონ რუსეთის აქტიურობა ამ მიმართულებით. ამის ერთ-ერთი საბაბი გახდა რუსეთის ჰაკერების კიბერშეტევები გერმანიის პარლამენტზე 2015 წლის გაზაფხულზე და 2016 წლის იანვარში.

აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალი უესლი კლარკი დარწმუნებულია, რომ ასეთი მეთოდებით რუსეთი ევროკავშირის დაშლას ცდილობს:

_ რუსეთი ცდილობს მოშალოს ევროკავშირის ერთიანობა, სტაბილურობა და სიმტკიცე. ის ამას აკეთებს არჩევნებზე ზემოქმედებით და იმ კანდიდატების წამოწევით, რომლებიც არ იბრძვიან ევროპული კონტინენტის ერთიანობის, ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.

უესლი კლარკის სიტყვებით, კრემლის სტრატეგიული მიზანია რუსეთს დაუბრუნოს გლობალური გავლენა და საბჭოთა კავშირის ძალაუფლება, მაგრამ ის ამაზე არ გაჩერდება.

რუსეთი აგრძელებს ძალის გამოყენებას სირიასა და უკრაინაში. მის ნაბიჯებს ამ კუთხით ბოლო დროს სულ უფრო მკაცრად აკრიტიკებს ვაშინგტონი.

ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა მოსაზრებები, რომ აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია რუსეთის მოკავშირესა და სირიის ლიდერ ასადს არ დაუპირისპირდებოდა.

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი აცხადებს, რომ აშშ აგრძელებს მუშაობას რუსეთთან და ირანთან იმ მიზნით, რომ მათ მოახდინონ ზეწოლა სირიის ხელისუფლებაზე. რუსეთსა და ირანს უნდა ესმოდეთ, რამდენად საშიშია ბაშარ ასადი.

ამ ფონზე ექსპერტები აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების უფრო დაძაბვას მოელიან.

„ახალი თაობა“, მარიამ მჭედლიშვილი