მოძრაობა ეროვნულების ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს: “თქვენ გენაცვალეთ, ქართველებო, თქვენთვის სასიხარულო ამბავი მაქვს. თქვენმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. დღეს შედგა თათბირი მთავრობაში და გადაწყდა, რომ არეულობის თავიდან ასაცილებლად, დაყვენ ხალხის ნებას და დიდგორობა, როგორც სახალხო დღესასწაული, ისე აღნიშნონ.”
აღნიშნულ საკითხს გასულ კვირას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
– ჩვენ დღეს გვყავს საკმაოდ უნიათო და შეშინებული ხელისუფლება. მათ საკუთარი ლანდისაც კი ეშინიათ და არ შეუძლიათ რაიმე რადიკალური ღონისძიების გატარება. ეს იყო ჩვენი დიდი გამარჯვება და რატომ არ უნდა აღინიშნოს?! თქვენ წარმოიდგინეთ, 1121 წელს დავით აღმაშენებლის მაგივრად ქვეყნის მმართველი რომ ყოფილიყო კვირიკაშვილი და ჯარის მთავარსარდალი – მარგველაშვილი, ჩვენ დიდგორის ბრძოლაში არც ჩავებმებოდით, ისე დანებდებოდნენ.
აი, ასეთ პოლიტიკურ დეგრადაციამდე მივედით დავით აღმაშენებლიდან კვირიკაშვილ-მარგველაშვილამდე. ამ ადამიანებს არათუ ბრძოლის, არამედ დიდი დავითის მიერ მოპოვებული გამარჯვების აღნიშვნისაც კი ეშინიათ! – აცხადებს ბრეგაძე.
მისი აზრით, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები იმდენად გათავხედდნენ, იმდენად ეშინიათ პირადი კომფორტის დაკარგვის, მზად არიან, რომ ჩვენი რელიგიური და სახელმწიფოებრივი დღესასწაულები გააუქმონ, ოღონდაც თავიანთი პირადი კომფორტი არ დაკარგონ.
სანდრო ბრეგაძე „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ დღევანდელ მთავრობას ხელისუფლებაში დარჩენის უფლება არ აქვს.
– ხელისუფლება, რომელიც ერთხელ გადადგამს მოღალატეობრივ ნაბიჯს, არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში! კვირიკაშვილი გახლავთ საქართველოს სირცხვილი! მან ჩაიდინა სამარცხვინო აქტი! გადადგა სამარცხვინო ნაბიჯი და მას არ აქვს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება, დარჩეს ხელისუფლებაში!
საქართველოს მოსახლეობამ და ქართველმა ერმა კვირიკაშვილს გამოუტანა უკვე განაჩენი და პირდაპირ განუცხადა მას, რომ ის არ არის მისი ხელისუფალი. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ კვირიკაშვილს ეყოფა იმის ვაჟკაცობა, რომ გადადგეს.
თავად ბიძინა ივანიშვილი უნდა დაფიქრდეს იმაზე, შეიძლება თუ არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს პიროვნება, რომელსაც არ გააჩნია არანაირი საკუთარი აზრი და არ გააჩნია საკუთარი ნება, რომელსაც არ შეუძლია დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები. მეთაური, რომელსაც ელემენტარულ საკითხში არ შეუძლია ქვეყნის ინტერესის გატარება, უფრო სერიოზულ პრობლემებს მოაგვარებს?!
ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ მთავრობის და ხელისუფლების ქმედებებზე, რომელიც პირადად მის მიერ არის მოყვანილი. ის, რომ ციხეში პატიმრებს აღარ აუპატიურებენ, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კარგი ხელისუფლება გვყავს! ამ ადამიანებს არანაირი პრინციპები არ გააჩნიათ! – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

