„ქართული იდეის“ ლიდერ ლევან ჩაჩუას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი იყო, რომ ნციონალურ მოძრაობა მთავარ ოპოზიციად გამოეცხადებინა.
_ ბიძინა ივანიშვილს თავიდანვე ორპარტიულობის დამკვიდრება უნდოდა. ეს გამოჩნდა მაშინ, როცა მან აღნიშნა, რომ პოლიტიკაში შუა უნდა გაიკრიფოს. ეს პრინციპი ახლაც აქტუალურია. „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა კოაბიტაცია და საზოგადოებას მთავარ ოპოზიციად თავს მოახვია კრიმინალური დაჯგუფება _ ნაციონალური მოძრაობა.
მმართველ პარტიას ისევ არ უნდა, რომ პოლიტიკაში სხვებიც იყვნენ. მათთვის მთავარი ოპოზიცია რამდენიმე ნაწილად დაყოფილი ნაციონალური მოძრაობაა. კონსტიტუციის შეცვლაც სათავისოდ უნდათ, თუმცა ერთია სურვილი და მეორე _ შესაძლებლობა. `ქართულ ოცნებას~ არც ერთპარტიულობა გამოუვა და არც _ ორპარტიულობა, – აცხადებს ლევან ჩაჩუა.
მისი აზრით, „ქართულ ოცნებას“ შემოდგომაზე დიდი აქციები ელოდება.
_ ქვეყანაში ისედაც დიდია უკმაყოფილება. „ქართულ ოცნებას“ ყველაფერი არ გაუვა. სააკაშვილმაც მოირგო საკუთარ თავზე კონსტიტუცია, ყველაფერი ხელში ჩაიგდო, მაგრამ მას მოუხდა საქართველოდან გაქცევა. „ქართული ოცნების„ საქმეც ცუდადაა. შეიძლება გაქცევა ამათაც მოუხდეთ..
ხალხის მდგომარეობა მძიმეა. ფასები იზრდება, აქციზის მატება უკვე აისახა სოციალურ მდგომარეობაზე. გაღატაკების პროცესი გრძელდება. ამ დროს „ქართული ოცნების“ დაპირებებში გადასახადების შემცირება და კიდევ ბევრი სიკეთე იყო. მმართველმა პარტიამ ვერც დეოკუპაციისკენ გადადგა ნაბიჯები. არც მშვიდობა და სტაბილურობაა გარანტირებული. შემოდგომაზე „ქართულ ოცნებას“ დიდი საპროტესტო მოძრაობა ემუქრება.
პროტესტი გარდაუვალია. მოუგვარებელ საშინაო პრობლემებს ემატება საგარეო საფრთხეები. „ოცნება“ არ ზრუნავს ტერიტორიულ მთლიანობასა და დეოკუპაციაზე.
ერთ აქციაზე ჩვენ ხელისუფლებას 14-პუნქტიანი მოთხოვნები წარვუდგინეთ და ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულება მოვთხოვეთ. ეს მოთხოვნები ძალაშია. 90-იან წლებში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ბოლო მოუღო წითელ ბოლშევიზმს. ჩვენ ცისფერ ბოლშევიზმსაც დავამარცხებთ. – განუცხადა „ახალ თაობას“ ლევან ჩაჩუამ.

