ლევან ხაბეიშვილი ნარმანიას საკრებულოში მისვლას სამარცხინოდ აფასებს.
_ ყველაზე უხერხული ის იყო, რომ ანგარიშის მოსასმენად კუნთმაგარი ტიპები ყავდათ მოყვანილი. ისინი აგრესიულად იცავდნენ დავით ნარმანიას და აგრესიულად იყვნენ განწყობილი ოპოზიციის მიმართ. სამარცხვინოა, როცა მერს საკრებულოში ანგარიშის წარდგენისაც კი ეშინია და იქ კუნთმაგარი ხალხის იმედზეა.
მის მიერ წარდგენილი ანგარიში თბილისში არსებული რეალობისგან მკვეთრად განსხვავდება.
დავით ნარმანია უკვე 33 თვეა, რაც თბილისის მერია და ამ პერიოდში დედაქალაქმა მისგან სიურპრიზის სახით მიიღო მოუწესრიგებელი გზები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოუწესრიგებელი და მოუგვარებელი საცობების პრობლემა, მოუწესრიგებელი და უკანონო მშენებლობები, მოუწესრიგებელი და გაჩეხილი სარეკრეაციო ზონები,.
მის მერობასთან არის დაკავშირებული კიდევ უფრო შეჭირვებული მოსახლეობა, ნეპოტიზმი, კორუფცია, არაპროფესიონალიზმი, უუნარობა, მავნებლობა, ივანიშვილისთვის გადაცემული ბოტანიკური ბაღი, _ აცხადებს ხაბეიშვილი.
რა სარგებლობა მოუტანა თბილისელებს ნარმანიას მერობამ?
_ მისი მერად მოსვლის შემდეგ მივიღეთ გაზრდილი ბიუროკრატია, გაფლანგული მილიონები, შუქნიშნის დადგმის რჩევაში გადახდილი ასეულ ათასობით ლარი. მივლინებებში იხარჯება ასეულობით ათასობით ლარი.
მერიაში კაფეტერიის გასაკეთებლად გამოიყო 200.000 ლარი. სამაგიეროდ, 1.18 ლარიან მენიუზე გადაიყვანეს უფასო სასადილოებთან მომლოდინე ათასობით ბენეფიციარი. არანორმალურად დიდია ხარჯი ავეჯის და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად.
დედაქალაქის მერის ანგარიშში არ ყოფილა საუბარი გაჩეხილ ხეებზე, პროკურორის შვილისთვის გადარიცხულ საბიუჯეტო თანხებზე, მოსამართლე ნაზღაიძისთვის გადაცემულ მილიონ ლარზე. მისი სახელსვე უკავშირდება სოციალურად დაუცველების ვაკელებად და სამგორელებად დაყოფა. ეს ნიშნავს, რომ 18 ლარიანი დახმარება ერგოთ სამგორელებს, ხოლო 36 ლარიანი დახმარება _ ვაკელებს.
როგორც ყველა საჯარო სამსახურში, მათ შორის, დედაქალაქის მერიაში აქტუალურია ნეპოტიზმის პრობლემა. მაგალითად, ჯაბა სამუშიას დასაქმებული მეუღლე, გამგებელ ქიზიყურაშვილის დასაქმებული შვილი, ზაზა გაბუნიას დასაქმებული ცოლისძმა, კახი კალაძის დასაქმებული ცოლისძმა, კახი კალაძის დასაქმებული ცოლის ბიძა, საკრებულოს დეპუტატების დასაქმებული ცოლები, შვილები და ნათესავები.
მერს ახლობლებისთვის არც პრემია-დანამატები ენანება. გაზრდილი ბიუროკრატიის კვალდაკვალ გაზრდილია შრომის ანაზღაურების მუხლი და გაზრდილია საშტატო ერთეული. გაცემულია მილიონობით ლარის ოდენობის პრემია-დანამატები. რიგ შემთხვევებში 1 თვეში პრემიების ოდენობა 2 მილიონ ლარსაც კი აჭარბებს.
მერს გარემოცვისთვის არც ბიუჯეტის ხარჯზე ნაყიდი საწვავი ენანება. ასე მაგალითად, 1 თვეში გახარჯული ტონობით ბენზინი, რომელიც იმდენად არაადეკვატურია, რომ საპატრულო პოლიციის მიერ გახარჯული საწვავის ტოლია, რიგ შემთხვევაში მეტიც, – განუცხადა „ახალ თაობას“ ლევან ხაბეიშვილმა.

