ლიბერმანი: ”ქიმიური შეტევის ბრძანება ასადმა გასცა”. სირია ამ ბრალდებას უარყოფს

ლიბერმანი: ”ქიმიური შეტევის ბრძანება ასადმა გასცა”. სირია ამ ბრალდებას უარყოფსისრაელის თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღით შეტევის განხორციელების თაობაზე ბრძანება გასცა.
„იედიოტ აჰრონოტთან“ ინტერვიუში ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა ორი ქიმიური შეტევა განახორციელეს, რისი ბრძანებაც უშუალოდ ბაშარ ალ-ასადმა გასცა.

მისივე თქმით, ის ამაში 100 პროცენტით დარწმუნებულია.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, მან არ იცის, იყო თუ არა რუსეთი ჩართული ამ შეტევაში.
ლიბერმანმა განაცხადა, რომ ისრაელს არ გააჩნია იმის მიზეზი, რომ ამ ომში ჩაებას.
_ საერთაშორისო საზოგადოების პასუხი ნულის ტოლია. პასუხი უბრალოდ არ არსებობს. ეს კი მე კვლავ იმ დასკვნამდე მაბრუნებს, რომ ისრაელს მარტო თავისი თავის იმედი უნდა ჰქონდეს, _ დასძინა მან.

ლიბერმანი: ”ქიმიური შეტევის ბრძანება ასადმა გასცა”. სირია ამ ბრალდებას უარყოფსრადიკალურად სხვა პოზიცია აქვს სირიის მთავრობას.

_ სირიის შეიარაღებულ ძალებს კონფლიქტის მსვლელობისას ქიმიური იარაღი არ გამოუყენებიათ, _ განაცხადა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემ.
_ ვადასტურებ, რომ სირიის არმიას ქიმიური იარაღი არც ერთხელ არ გამოუყენებია და არც გამოიყენებს მომავალში არა მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობის, არამედ ტერორისტების წინააღმდეგაც კი, _ განაცხადა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, 2013 წელს სირია ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციას შეუერთდა და ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს.
მუალემმა სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იდლიბის პროვინციაში, ქალაქ ჰან-შეიჰუნში სირიელმა სამხედროებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
ამავდროულად მან აღნიშნა, რომ „ჯებჰატ ან-ნუსრას“ და „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს დასახლებულ პუნქტებში მომწამლავი ნივთიერებების მარაგები აქვთ.