აფხაზეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სომხური მედია საყოველთაო სიხარულმა მოიცვა. სპუტნიკ-არმენია დიდი სიხარულით იუწყება, რომ ადგილობრივ პარლამენტში სომხური საზოგადოების 3 წარმომადგენელი _ ლევონ გალუსტიანი, აშოტ მინასიანი და ლევონ დაშიანი მოხვდა. სომხური მედიის ცნობით, ეს სამეული ისტორიულ სამშობლოსთან, ანუ სომხეთთან მჭიდრო კავშირის დამყარებას აპირებს.
ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, სომეხ კანდიდატებს პარლამენტში მოხვედრის ძალიან მცირე შანსი ჰქონდათ. აფხაზეთში საკმაოდ გაიზარდა ანტისომხური განწყობა და აფხაზები მათ მიმართ ხშირად იჩენენ აგრესიას.
აფხაზების აგრესიას ის ფაქტიც იწვევს, რომ ეთნიკური სომხების რაოდენობამ ეთნიკური აფხაზების რაოდენობას გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში 42.000 სომეხი ცხოვრობს. აფხაზები ამბობენ, რომ ეს ციფრი რეალურზე ორჯერ ნაკლებია.
სომხების მიმართ აფხაზებს იმის გამოც აქვთ აგრესია, რომ ადგილობრივ ბიზნესს ძირითადად ისინი დაეპატრონნენ.
3 სომეხი კანდიდატის გამარჯვება საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, ვან ბაიბურთს ძალიან უხარია. მისი თქმით, აფხაზეთში ანტისომხური განწყობის გარდა, ანტირუსული განწყობაც გაზრდილია. რამ განაპირობა აფხაზების ასეთი სახეცვლილება და როგორ ცხოვრობენ ადამიანები ოკუპირებულ რეგიონში? _ ამაზე ვან ბაიბურთი „ახალ თაობა“ ესაუბრება.
ვან ბაიბურთი:
_ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სამივე სომეხი კანდიდატი, რომლებმაც არჩევნები მოიგეს, ალექსანდრე ანქვაბის მომხრეები არიან. ხაჯიმბა არც სომხებს უყვარს და მათ ის კანდიდატიც კი დაიწუნეს, რომელიც პრეზიდენტის მხარდამჭერი იყო.
აფხაზეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მართალია არალეგიტიმურია, მაგრამ ის საბოლოო ჯამში საქართველოსთვის კარგის მომტანი იქნება. იგივე ეს 3 სომეხი დეპუტატი უფრო საქართველოსკენ არის. აფხაზეთში მცხოვრები სომხები ქართველების მიმართ დადებითად არიან განწყობილი,- განაცხადა ვან ბაიბურთმა.
მისი განცხადებით, აფხაზეთში ეთნიკურ სომხებს ავიწროვებენ.
_ მარტო სომხებს არა, აფხაზეთში ყველას ავიწროვებენ. მათ შორის რუსებსაც? მათ შორის რუსებსაც. რუსეთის დუმის წევრი ზატულინი ღიად დაემუქრა აფხაზებს. სოხუმში ყოფნისას სულ თითები უქნია. ზატულინი სოხუმში დამკვირვებლად იყო ჩასული. არჩევნების შედეგით უკმაყოფილო დარჩა. აფხაზეთის პარლამენტში არც ერთი რუსი ეროვნების დეპუტატი არ აირჩიეს. ზატულინი ამბობდა, ამდენი წელია, აფხაზებს ვეხმარებით და რუსი როგორ არ აირჩიესო.
ომამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე 60.000-მდე ეთნიკური რუსი ცხოვრობდა. ბოლო აღწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აფხაზეთში 20.000-მდე რუსი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ერთი რუსი დეპუტატი ხომ მაინც უნდა აერჩიათ. სამაგიეროდ, აირჩიეს ქართველები. ახლავე წაგიკითხავთ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატების გვარებს. ესენი არიან: ლოლუა, ჯინჯოლია, ბებია, გუნია, პერტაია.
აფხაზების ყურს პარლამენტში ქართული გვარები უფრო ელამუნება, ვიდრე _ რუსული. მე პირადად ამ ყველაფერს ასეთ ახსნას ვუძებნი, რომ, ყველაფრის მიუხედავად, აფხაზებისთვის ქართველები უფრო მისაღები არიან, ვიდრე რუსები, – განაცხადა ვან ბაიბურთმა „ახალ თაობასთან“.
„ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი

