მარგველაშვილი – ახალ კონსტიტუციას ერთპარტიულობამდე მივყავართ

მარგველაშვილი - ახალ კონსტიტუციას ერთპარტიულობამდე მივყავართგიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის თქმით, პრეზიდენტის აზრით, კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას.

ამის შესახებ მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა წარმართულიყო მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით და საზოგადოების ფართო ჩართულობით.

– მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლა ყოველგვარი განხილვის გარეშე გამოცხადდა. საკონსტიტუციო კომისიამ პროექტი საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეიმუშავა, მას გაემიჯნა ყველა პოლიტიკური პარტია, ექსპერტებისა და არასამთავრობოების უმრავლესობა, უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმა. დოკუმენტისთვის კენჭისყრა კი, გაუგებარი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებით – კომისიის წევრთა შემადგენლობის შეცვლის შედეგად მოხერხდა, _ აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

პრეზიდენტის აზრით, კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას. შემოთავაზებულ მოდელში ბლოკების შექმნის აკრძალვით და ამ ფონზე 5%-იანი ბარიერის შენარჩუნებით, გამარჯვებული პარტიის მიერ გადაუნაწილებელი ხმების სრულიად უსამართლო მითვისებით, რეალურად ყალიბდება არაკონკურენტული საარჩევნო სისტემა, რაც მომავალში მრავალპარტიული პარლამენტის შექმნის შესაძლებლობას კრიტიკულად ამცირებს, ხალხის განწყობის პროპორციულად ასახვას არ უზრუნველყოფს.

– საბოლოოდ კი, ქვეყანა ყალიბდება ფსევდოსაპარლამენტო რესპუბლიკად, სადაც იმის ნაცვლად, რომ პარტიები და პარლამენტი იყოს ძლიერი, ორივე შესუსტებულია, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.