„მარგველაშვილს ხელს ოჯახური სკანდალები უშლის“

აირაი კვლევების პრეზენტაციას ორშაბათს გამართავს, თუმცა კვლევის ნაწილი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი გახდა. „ქართულ ოცნებას“ მხარს 26% უჭერს, ნაციონალურ მოძრაობას _ 15%, ევროპულ საქართველოს _ 7%, 20%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. ექსპერტ მამუკა არეშიძეს მიაჩნია, რომ ეს კვლევა ნაკლებად საიმედოა.

_ ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები ნაკლებ ნდობას იმსახურებს, განსაკუთრებით _ პარტიების პოპულარობის რეიტინგში. ეს ციფრები მე არაფერს მეუბნება, რადგან ვერ ვხედავ ასეთ ციფრებსა და განწყობებს საზოგადოებაში. მე უფრო ნიჰილიზმს ვხედავ საზოგადოებაში პოლიტიკური ელიტის მიმართ, – აცხადებს არეშიძე.

გამოქვეყნდა პოლიტიკოსების რეიტინგიც, რომლის ოთხეულიც ასე გამოიყურება: მარგველაშვილი _ 67%, სერგეენკო _ 65%, კვირიკაშვილი _ 55%, ბაქრაძე _ 50%, თუმცა მამუკა არეშიძე არც ამ მაჩვენებლებს მიიჩნევს რეალურად.

_ არცერთი ციფრი არ მეჩვენება განსაკუთრებულად რეალურად. მიუხედავად იმისა, რომ სერგეენკოს რეიტინგი მყარია წლების განმავლობაში, მაინც არ მეჩვენება რეალურად.

ჩვენ მიგვაჩვიეს ამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომ პოლიტიკური რეიტინგების კორექტირებას ახდენენ მომავალზე ორიენტირებით. საერთოდ ვერ ვეღირსეთ საქართველოში, მცირე გამონაკლისის გარდა, ობიექტურად ჩატარებულ კვლევებს.

მარგველაშვილი საკმაოდ აქტიურია, მაგრამ პრეზიდენტს ძალიან უშლის ხელს მისი ოჯახური სკანდალები. საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის ეს ფიგურა მიუღებელია. იმიტომ კი არა, რომ მის ოჯახში ამგვარი რამ ხდება, იმიტომ, რომ მუდმივად ცდილობს, დაიცვას თავისი ოჯახის წევრები.

მარგველაშვილის ზოგიერთი საქციელი მართლა მაკვირვებს. მე მას დიდი ხანია ვიცნობ და ადრე წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რომ ის ამ ნაბიჯებს გადადგამდა. მე მას ვიცნობდი, როგორც უკომპრომისო ადამიანს იმ საკითხების მიმართ, რასაც ჰქვია კრიმინალი და კანონდარღვევა, – განუცხადა „ახალ თაობას“ მამუკა არეშიძემ.

„ახალი თაობა“, ნონა ცაბაძე