მივმართავთ დავით სერგეენკოს – რატომ არ აძლევთ, სოციალურად დაუცველებს მუშაობის ულებას!

მივმართავთ დავით სერგეენკოს - რატომ არ აძლევთ, სოციალურად დაუცველებს მუშაობის ულებას!„ახალი საქართველოს“ წევრი თეონა ჭალიძე აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველებს, რომლებიც შემწეობას იღებენ, მუშაობის უფლება არ აქვთ.

– ამ ადამიანებს დაბალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობის უფლებაც კი არ აქვთ. ძალიან ბევრმა სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა ვერ დაიწყო მუშაობა იმის გამო, რომ მათ სოციალური დახმარება შეუწყდებოდათ. ამის შიშით ისინი სიღატაკეში ჩარჩნენ. სტუდენტის 200-ლარიანი ხელფასი ოჯახს ვერ არჩენს. ამიტომ ურჩევნიათ, გარანტირებულად ჰქონდეთ სოციალური დახმარება და უფასო სასადილოთი ისარგებლონ, – ამბობს “ახალი საქართველოს” წარმომადგენელი.

ის შიშობს, რომ ამ მიზეზებით ამ ხალხის სოციალური მდგომარეობა ვერასდროს გამოსწორდება. ეს პრობლემა ნაციონალების დროსაც არსებობდა და მის გადაჭრაზე არც მოქმედი ხელისუფლება ფიქრობს.

გამოსავალს თეონა ჭალიძე შემდეგნაირად ხედავს:

– სოციალურად დაუცველებს რაღაც ვადა უნდა მიეცეთ მუშაობისთვის. თუ აღმოჩნდა, რომ ამ სამუშაოს დახმარებით მათი სოციალური მდგომარეობა მართლა გაუმჯობესდა, მაშინ უნდა მოხდეს დახმარების შეწყვეტა. ამ ადამიანებს შანსი თუ არ მივეცით, ისინი ვერასდროს დააღწევენ თავს გაჭირვებას.

თეონა ჭალიძისთვის ასევე გაუგებარია, თუ რატომ უჩერდება სოციალური დახმარება იმ ოჯახებს, სადაც ან ვინმე დაიბადა ან გარდაიცვალა.

– ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს ყოველთვიურ შემწეობას უჩერებენ დემოგრაფიული ცვლილებების გამო. სოციალურად დაუცველ ოჯახში ერთ-ერთი წევრი თუ გარდაიცვლება ან დაიბადება, ოჯახის სხვა წევრებსაც უჩერებენ სოციალურ შემწეობას. იგივე ხდება ბავშვის დაბადების შემთხვევაში. ამ ოჯახებს 3-4 თვე სჭირდებათ, რომ საარსებო შემწეობა აღუდგეთ, – ამბობს ჭალიძე.

მისი თქმით, 3-4 თვის განმავლობაში ეს ადამიანები ყოველგვარი შემოსავლის გარეშე არიან და, შესაძლოა, დახმარების გარეშეც კი დარჩნენ:

– ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ადამიანებს ამ 3-4 თვის განმავლობაში არც მუშაობისა და არც რაიმე დახმარების უფლება არ აქვთ. როგორც კი მათ ანგარიშზე რაიმე თანხა დაფიქსირდება, მათ დახმარებას საერთოდ შეუწყვეტენ. ამის გამო ეს ადამიანები 3-4 თვის განმავლობაში იძულებული არიან, ვალები აიღონ და ასე გაიტანონ თავი.

“ახალი საქართველოს” წარმომადგენლის თქმით, ამ საკითხის გადასაჭრელად ჯანდაცვის მინისტრის ერთი ბრძანებაც კი საკმარისი იქნება.

დავით სერგეენკო ჯერ არ ჩქარობს.