მიუხედავად იმისა, რომ სირიაში ტერორისტულ ორგანიზაციებს – ისლამურ სახელმწიფოსა და ალ-ქაიდას ბევრი სახელმწიფო ებრძვის, მათი დამარცხება აქამდე ვერ მოხერხდა. ისინი არ იშლებიან და ახალ დაჯგუფებებსაც ქმნიან.
ბრიტანელმა სპეციალისტებმა ერაყის ქალაქ მოსულში, მიწის ქვეშ მიაკვლიეს გვირაბების ფართო ქსელს, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა გათხარეს. ირკვევა, რომ რადიკალი ისლამისტი ტერორისტები იარაღსაც აწარმოებენ. გარდა ამისა, მათ ხელშია საბჭოთა და რუსეთის წარმოების ავტომატები.
ისლამური სახელმწიფო, ანუ დაიში სხვადასხვა სახელმწიფოში აგრძელებს ტერორისტულ მოქმედებებს. ეს მოქმედებები მრავალგვარია და მხოლოდ აფეთქებებს არ გულისხმობს.
ახალი ინფორმაციებით, ლონდონში პოლიციამ იმ ქუჩაზე, სადაც პარლამენტი და პრემიერ-მინისტრის ოფისია, დააკავა დანებით შეიარაღებული ახალგაზრდა კაცი. მას ტერორიზმის შესახებ კანონის დარღვევა ბრალდება.
ავღანეთში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციისას 2 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.
ორი დღის წინ დადგინდა, ვინ მოაწყო ტერაქტი სანკტ-პეტერბურგის მეტროში 3 აპრილს. ამ აფეთქებას 15 მგზავრი, ასევე თვითმკვლელი ტერორისტი შეეწირა, 102 მოქალაქე დაშავდა.
სანკტ-პეტერბურგის ტერაქტზე პასუხისმგებლობა იკისრა დაჯგუფება “კატიბა ალ იმამ შამილმა”, რომელიც დაკავშირებულია ალ-ქაიდასთან.
არსებული ცნობებით, თვითმკვლელმა, წარმოშობით ყირგიზმა აკბარდჟონ ჯალილოვმა დავალება პირდაპირ ალ-ქაიდას მეთაურ აიმან ალ-ზავახირისგან მიიღო.
ალ-ქაიდას ახალი განაყოფი სირიიდან რუსეთის ჯარის გაყვანას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი ტერაქტებით იმუქრება. რუსეთი სირიიდან გამოსვლას ჯერ არ აპირებს.
ამ ტერაქტის შემდეგ ექსპერტებმა ივარაუდეს მისი კავშირი ჩრდილოეთ კავკასიასთან. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, 3 აპრილის აფეთქება კავკასიასთან ირიბ ბმაშია. ეს დაჯგუფება ჩეჩენი საველე მეთაურისა და აფხაზეთის ომის აქტიური მონაწილის შამილ ბასაევის სახელობისაა. ბასაევი 2006 წელს სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.
პეტერბურგის ტერაქტის საქმეზე 10 კაცია დაკავებული. მათ შორის არიან თვითმკვლელის ძმები – აკრამ და აბზორ აზიმოვები. ამასთან, აკრამ აზიმოვი ირწმუნება, რომ არ იცოდა, თუ ტერორისტულ აქტში იყო ჩაბმული.
ჯიჰადისტების სხვა ჯგუფებს უყენებენ ბრალდებებს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში განხორციელებული მოქმედებების გამო.
ამ დღეებში დონის როსტოვის სასამართლოში განახლდა ერთი პროცესი: ყაბარდო-ბალყარეთის მკვიდრ 10 ახალგაზრდას ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრობა და რესპუბლიკაში კონსტიტუციური წყობის დამხობის მცდელობა.
გამოძიების მტკიცებით, მათ უნდოდათ ხელისუფლების ჩამოგდება, ხალიფატის ჩამოყალიბება და შარიათის წესების შემოღება.
სამართალდამცავი ორგანოები მათ ლიდერად და ამირად მიიჩნევენ ოლეგ მისხაჟევს. მან ადრე მიცემული აღიარებითი ჩვენებები გადათქვა და ახლა ბრალს არ აღიარებს.
ბრალდებულების მტკიცებით, მათ დაკავებამდე იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს, შემდეგ კი აწამეს. შემოწმებამ წამება არ დაადასტურა.
ტერორიზმთან ბრძოლას შეიძლება უდანაშაულო ადამიანებიც ემსხვერპლონ, მით უმეტეს, იმ სახელმწიფოებში, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები. დადგენილია, რომ ტერაქტები ავტორიტარიზმს აძლიერებს.

