რა კულუარულ მოლაპარაკებებს ატარებს რუსეთი სოხუმთან და ცხინვალთან

რა კულუარულ მოლაპარაკებებს ატარებს რუსეთი სოხუმთან და ცხინვალთანსაქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებსა და რეფერენდუმებს არ ცნობს საერთაშორისო საზოგადოება. რუსეთის გარდა, აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს ხელისუფლებად არავინ აღიარებს.

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ახალარჩეულმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა არჩევნების წინ და მანამდეც პირობა დადო, რომ „სამხრეთ ოსეთ-ალანიას“ რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანს.

ჟურნალი `ვლასტ~ ირწმუნება, რომ „პრეზიდენტ“ ბიბილოვის დაპირება ვერ შესრულდება, ვინაიდან, მოსკოვი არაა დაინტერესებული `სამხრეთ ოსეთის~ რუსეთში შეყვანით.

_ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობის გამწვავების პერსპექტივის გარდა, სამხრეთ ოსეთის ინტეგრაციით შეიძლება მთლიანად მოიშალოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, _ აღნიშნავს რუსული გამოცემა.

რატომ წუხს ოკუპანტი რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებაზე?

„ვლასტ“-ის შეფასებით, რუსეთს თავისი სტრატეგიული ინტერესი ამოძრავებს. ამაზე დამოკიდებულია სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ერთადერთი გეოპოლიტიკური პარტნიორის, სომხეთის ბედი.

რუსეთს სომხეთთან დასაკავშირებლად სჭირდება სატრანსპორტო დერეფანი. ის საჭიროა არა მხოლოდ ეკონომიკური კავშირების, არამედ _ სამხედრო მიზნებისთვისაც. რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზები აქვს და მათი მომარაგება რუსეთის გადაუდებელი ამოცანაა. განსაკუთრებით, საქართველო-ნატოს ინტენსიური თანამშრომლობისას.

ერთადერთი სახმელეთო სატრანსპორტო დერეფანი რუსეთსა და სომხეთს შორის საქართველოს სამხედრო გზაა ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით. ეს გზა არასაკმარისია. მისი ერთადერთი ალტერნატივაა სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლა საზღვაო ნავსადგურ კავკაზ-ფოთის მეშვეობით. მისი გამტარუნარიანობა დაბალია, ტვირთების გადაზიდვა კი _ ძვირი.

იმისთვის, რომ რუსეთს სომხეთთან დასაკავშირებელი ახალი სახმელეთო გზა ჰქონდეს, რუსეთი მრავალი წელია, სინჯავს ნიადაგს თბილისთან, ასევე, კულუარულ მოლაპარაკებებს აგრძელებს სოხუმთან და ცხინვალთან.

ამ მიმართულებით პირველი მცდელობა იყო ამიერკავკასიის რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის რეანიმაცია. ფსოუდან ოჩამჩირემდე მატარებლები მოძრაობენ. რკინიგზა არ მუშაობს გალის რაიონის ტერიტორიაზე.

გამოცემის სიტყვებით, ამ რკინიგზის ამოქმედებას არ უჭერს მხარს საქართველოს ხელისუფლება. ის მოითხოვს საქართველოს ინტერესის დაცვას. ამას არ მიესალმება აფხაზეთის ხელისუფლება და ოპოზიციაც. აფხაზები ამბობენ, რომ თუ რკინიგზა აღდგა, მან მარტო ტვირთები უნდა გადაზიდოს, იგი არ უნდა გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეებმა.

რუსეთსა და სომხეთს სხვა სახმელეთო სატრანსპორტო პროექტების აღორძინებაც აქვთ ჩაფიქრებული. ესაა ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ ოსეთს, ცხინვალის რეგიონს და საქართველოს სხვა კუთხეებს. ასევე არსებობს სოჭი-ზუგდიდის ავტომაგისტრალის პროექტი.

„ვლასტ“-ის ცნობით, ამას ენთუზიაზმით არ ხვდებიან ცხინვალში. მით უმეტეს, აფხაზეთში. ამიტომ რუსეთს უწევს კულუარული მუშაობა ამ მიმართულებით.

ექსპერტებს არ სჯერათ, რომ ლავროვი სოხუმში საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად ჩავიდა. მისი მიზანია, პარტნიორებს რუსეთის სტრატეგიულ მიზნებზე დაელაპარაკოს.