რამაზ საყვარელიძე: „საქართველოში საპარლამენტო მოდელი არ გაამართლებს“

 

რამაზ საყვარელიძე: „საქართველოში საპარლამენტო მოდელი არ გაამართლებს“პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში აცხადებს, რომ საპარლამენტო მოდელში მთავარია ძლიერი, განვითარებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საქართველოში არ არსებობენ.

_ არსებობს საპარლამენტო ქვეყნები, სადაც პირდაპირი წესით ირჩევენ პრეზიდენტს, მაგრამ, არსებობს ქვეყნები, სადაც არ ირჩევენ, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში დედოფალი, რომელიც საერთოდ მემკვიდრეობით იღებს ძალაუფლებას. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ლოგიკური აუცილებლობა არ არსებობს, ქვეყანაში სუსტი ძალაუფლების მქონე თანამდებობის პირი საერთო სახალხო წესით აირჩიო.

სახალხო არჩევნებით თუ ავირჩევთ პრეზიდენტს, მაშინ ხალხს შესაბამისი მოტივიც უნდა ჰქონდეს.

ამ დროს პარლამენტი მთავრობას აყალიბებს და ლამის მთელ სახელმწიფოს განაგებს, იღებს კანონებს და ა.შ. პრეზიდენტი, რომელიც არსებითად არაფერს განაგებს, მის არჩევნებზე ხუთი კაცი რომ მივიდეს, სირცხვილი არ იქნება?!

მე შემიძლია დაგისაბუთოთ, რატომ ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მოდელი ჩვენი ქვეყნისთვის მაინცდამაინც სახარბიელოდ არ გამოიყურება.

საპარლამენტო მოდელში ხარვეზს ვხედავ არა იმდენად იურიდიული, რამდენადაც წმინდა პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. კონსტიტუციაც კი, კანონიც კი არ არის მხოლოდ იურიდიული, სამართლებრივი აქტი. კანონი ქაღალდზე დაწერილი დარჩება, თუკი მას ხალხი, მისი მენტალიტეტი არ მიიღებს და უარყოფს. ჩვენ ვიცით საპარლამენტო რესპუბლიკები, სადაც წლების განმავლობაში ერთისა და იმავე გვარის წარმომადგენლებს ირჩევდნენ. ინდოეთის მაგალითი შეიძლება დავასახელო და ამას ხალხი აკეთებდა, სხვა არავინ. შეიძლება, ქაღალდზე დემოკრატიის ნორმები სრულად იყოს დაცული, მაგრამ საზოგადოება არ იყოს დემოკრატიული, ამიტომ პოლიტიკური კულტურა თამაშობს ამ დროს გადამწყვეტ როლს, _ განუცხადა „ახალ თაობას„ რამაზ საყვარელიძემ.

რა არის ერთ_ ერთი მთავარი საპარლამენტო მოდელში? – ამ კითხვაზე რამაზ საყვარელიძე აცხადებს:

– რა თქმა უნდა, მრავალპარტიულობა, ძლიერი და განსხვავებული პლატფორმის, იდეოლოგიის, შეხედულებების მქონე პარტიები. ჩვენთან ძლიერი პარტიები, უბრალოდ, არ არსებობენ. ამ პირობებში საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა ნიშნავს, რომ სულ იქნება მთელი ძალაუფლება ერთი პარტიის ხელში. დაახლოებით მოხდება ის, რაც ხდებოდა 70 წელი კომუნისტების პირობებში _ ერთი პარტიის დიქტატი. საპარლამენტო რესპუბლიკის სპეციფიკა იმაშია, რომ ის აყალიბებს მთავრობას, შესაბამისად, ის ერთი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას, პარლამენტშიც იქნება გადამწყვეტი და ა.შ. ამიტომ ვამბობ, რომ საფრთხეები არის და ეს საფრთხეები რეალურია.