აშშ შეეცდება პასუხი აგებინოს ყველას, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულს ჩაიდენს, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, რომელიც იტალიაში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩავიდა.
„ჩვენ კვლავ ვაცხადებთ, რომ შევეცდებით პასუხი ვაგებინოთ ყველას, ვინც დანაშაულს ჩაიდენს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – ციტირებს რექს ტილერსონის სიტყვებს სააგენტო „როიტერსი“.
გასულ კვირას სირიაში იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მ შაირათის ავიაბაზა დაბომბა.
დღეს „დიდი შვიდეულის“ (G-7) საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან.
შეხვედრის დღის წესრიგშია: სირიის საკითხი, კორეის პრობლემა და დასავლეთის რუსეთთან ურთიერთობების საკითხი.

