როგორ აისახება საქართველოზე აშშ-ირანის დაპირისპირება

როგორ აისახება საქართველოზე აშშ-ირანის დაპირისპირებასაქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს, პირდაპირ მოქმედებს რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, კონფლიქტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის.

თეირანის პოლიტიკა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არჩევისთანავე დაიწუნა. მან გააკრიტიკა ბარაქ ობამას დროს ირანთან გაფორმებული შეთანხმებები. მას შემდეგ სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. ირანს ისევ აკრიტიკებენ.

მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ სტრატეგიული მოთმინება ირანის მიმართ წარუმატებელი მიდგომაა. ირანისადმი მრავალმხრივი პოლიტიკა მისგან მომდინარე ყველა საფრთხის აღმოფხვრას მოითხოვს.

მან ირანს მსოფლიოში ტერორიზმის დამფინანსებელი წამყვანი სახელმწიფო-სპონსორი უწოდა, რაც, ტილერსონის შეფასებით, ლახავს აშშ-ის ინტერესებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სირია, იემენი, ერაყი და ლიბანი. ირანი მხარს უჭერს იერიშებს ისრაელის წინააღმდეგ.

რექს ტილერსონმა ივარაუდა, რომ თუ ირანი არ შეაკავეს, ის ჩრდილოეთ კორეის გზას დაადგება.

ირანი და აშშ ერთმანეთის მოწინააღმდეგე ბანაკებში არიან სირიის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესშიც. ირანი და რუსეთი მხარს უჭერენ ბაშარ ასადის რეჟიმს. ისინი მიიჩნევენ, რომ ასადს ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია. ხან-შეიხუნში ქიმიური იერიშის საკითხი დამოუკიდებელმა გამოძიებამ უნდა გამოიკვლიოს. აშშ-სა და მის მოკავშირეებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს სამხედრო დანაშაული ასადმა ჩაიდინა.

ირანის უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი შამხანი ფრანგულ “ლე მონდთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ირანს სირიაში ვალდებულებები აკისრია, აშშ და მისი მოკავშირეები კი ამ პროცესში ერევიან. მისი თქმით, სირიის მოსახლეობის უმრავლესობა ასადის მომხრეა. ასადის წინააღმდეგ იბრძვიან ისლამური სახელმწიფო, ალ-ქაიდა და მათი მოკავშირეები.

– არ უნდა დავუშვათ, რომ მათ ხელში ერთი სოფელი მაინც დარჩეს, – აღნიშნავს ირანის მაღალჩინოსანი.

უშიშროების საბჭოს მდივანი აღნიშნავს, რომ თეირანს ვაშინგტონთან მოლაპარაკებების მოთხოვნილება და სურვილი არ გააჩნია.

– არც დაძაბულობისკენ ვისწრაფვით. ეს იქნებოდა დარტყმა რეგიონის უსაფრთხოებაზე, – განაცხადა მან.

ალი შამხანის თქმით, ევროპის ქვეყნებს არ სურთ ირანთან ეკონომიკური ომი, რომელსაც აშშ ახორციელებს.

საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის სახიფათოა სირიაში მიმდინარე მოვლენები. ამაზე ყურადღებას ამახვილებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში.

მისი სიტყვებით, სირიის კონფლიქტი ემუქრება არა მარტო რეგიონს, არამედ გლობალურ სამყაროსაც და ზრდის ტერორიზმის რისკს.

ერთ-ერთი დიდი პრობლემა ბირთვული იარაღით აღჭურვილი ჩრდილოეთ კორეაც არის. ახალი ინფორმაციით, აშშ-მ და იაპონიამ კორეის სანაპიროსთან წვრთნა დაიწყეს. მისი მიზანია, უარი ათქმევინონ ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკეტების გამოცდაზე.

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული დარტყმით ავსტრალიასაც დაემუქრა, თუ ეს სახელმწიფო არ შეწყვეტს აშშ-ის პოლიტიკის მხარდაჭერას ჩრდილოეთ კორეის მიმართ. ავსტრალიის საგარეო მინისტრი თქმით კი, თუ ეს ქვეყანა არ შეაჩერეს, ის საფრთხეს შეუქმნის მსოფლიოს.

ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზადაა დაიწყოს ომი სამხრეთთან გაერთიანების მიზნით.

სამხრეთ კორეაში, თავის მხრივ, ამისთვის ემზადებიან. ივნისში იქ გაიმართება წვრთნები აშშ-ის მონაწილეობით. ისინი ევაკუაციას მიეძღვნება. ამ ოპერაციის დროს მოხდება 230 ათასი ამერიკელი სამხედროს ევაკუაცია სამხრეთ კორეიდან.