მსოფლიოში მოვლენების ცვალებადობის ფონზე იზრდება უთანხმოება და დაძაბულობა აშშ-სა და რუსეთს შორის.
ქართველი ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრობლემების გადაჭრის შანსი იზრდება მაშინ, როცა დასავლეთი რუსეთს მწვავედ უპირისპირდება. მსოფლიოში შექმნილ დღევანდელ მდგომარეობას კარიბის კრიზისზე უფრო მწვავედ მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრობლემები აქტუალური ჯერ ვერ გახდა.
დასავლური მედია მიიჩნევს, რომ აშშ-სა და რუსეთს ერთმანეთისაგან ბევრი საკითხი აშორებს. ესენია: უკრაინა, ირანი, სირია და ჩრდილოეთი კორეა.
აშშ-ის პრეზიდენტის ოპონენტები შიშითა და ეჭვის თვალით უყურებენ ტრამპი-პუტინის მოსალოდნელ შეხვედრას. შეხვედრის თარიღი უცნობია.
გადაწყვეტილია, რომ 2 მაისს მოსკოვში ჩავა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.
გერმანული “შპიგელის” შეფასებით, დღეს საერთაშორისო დიპლომატიაში საშიში ვაკუუმია. დონალდ ტრამპი ქმედებაუუნაროა მოსკოვთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში. ეს წარსული სკანდალების ბრალია – ჯერ საბოლოოდ არ გარკვეულა, ერეოდა თუ არა რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და ხვდებოდნენ თუ არა ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირები რუსეთის დიპლომატებს.
17 მარტს დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ანგელა მერკელს უნდოდა, დაებრუნებინა ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის საწინააღმდეგო თამაშში, მაგრამ ვითარება გაურკვეველი დარჩა. ამის შემდეგ მერკელი იძულებული გახდა, თავად შეხვედროდა პუტინს.
ახალი ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ახალი გადაწყვეტილებით უფლებამოსილებები გაუფართოვდა პენტაგონს. ამიერიდან მოიხსნება ამერიკული სამხედრო კონტინგენტისთვის დაწესებული შეზღუდვები ერაყსა და სირიაში. ამას ბევრი ამერიკის ახალ წარმატებად მიიჩნევს.
ითვლება, რომ სირიის კონფლიქტი განსაზღვრავს თამაშის წესებს არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
იემენის გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ამ პროცესებში ამერიკამ ვერ გაიმარჯვოს. მისი ვარაუდით, ამერიკულ-ევროპულ ურთიერთობებს შეიწირავს პუტინის მაფია.
კომენტატორების უმრავლესობა თვლის, რომ სირიის ავიაბაზაზე ამერიკელების მიერ განხორციელებული იერიშის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია ამერიკის სასარგებლოდ ძირეულად შეიცვალა.
ვაშინგტონის პოზიციების გამყარებას ვერცერთ სფეროში ვერ ამჩნევენ დონალდ ტრამპის მრავალრიცხოვანი ოპონენტები, რომლებიც აფასებენ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ 100 დღეს.
“ნიუ-იორკ თაიმსის” ანალიზით, მას შემდეგ, რაც ტრამპი ოვალურ დარბაზში დაბინავდა, ამერიკის ურთიერთობები დაიძაბა ირანთან, რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან. გაზეთი ტრამპს უწოდებს უპრინციპოს, არაკომპეტენტურს, არასერიოზულსა და თავხედს. იგი გამოირჩევა შეხედულებების ცვალებადობით. მაგალითად, ნატო ტრამპისათვის ადრე მოძველებული ორგანიზაცია იყო, ახლა აღარ არის მოძველებული.
“ნიუ-იორკ თაიმსი” აკრიტიკებს დონალდ ტრამპის ბუნტს ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ ლიბერალური დემოკრატია მსოფლიოში ჯერ კიდევ 2000 წლის შემდეგ სუსტდება.
მისი აზრით, ტრამპი ხელყოფს რეალობის პრინციპებსა და ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობებს.
მსოფლიოში ბევრი რამ გაურკვეველია. არც ის არის ნათელი, რა ბედი ელის საქართველოს პრობლემებს.

