„ვაშინგტონ პოსტის“ შეფასებით, თურქეთში მომხდარი ცვლილებები და დემოკრატიული კურსიდან გადახვევა უარყოფით გავლენას მოახდენს მის მეზობელ ქვეყნებზე.
გაზეთი აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტს იმის გამო, რომ მან თურქეთის პრეზიდენტს მიულოცა პარლამენტის ლიკვიდაცია და ხელისუფლების კონსოლიდაცია ოპოზიციის წინააღმდეგ.
გამოცემის მონაცემებით, მსოფლიოში თავისუფლების ხარისხი სულ უფრო იკლებს. ბოლო წლებში ჩავარდა „არაბული გაზაფხული“, ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქვეყანაში კი დამყარდა დიქტატურა. ამან გაზარდა ადამიანების ჩაგვრა და ძალადობა სხვა ქვეყნების მიმართ.
ავტორიტარიზმი გაძლიერდა რუსეთში, ჩინეთსა და ირანში. რუსეთი და ჩინეთი სულ უფრო მეტ სისასტიკესა და აგრესიულობას იჩენენ. ევროპაში იზრდება არალიბერალური პოპულისტური პარტიების გავლენა. ასეთი პარტია ევროპაში 40-მდეა.
ერთპიროვნული მმართველობის დამყარების შემდეგ პუტინი შეიჭრა ორ მეზობელ სახელმწიფოში _ უკრაინასა და საქართველოში. რუსეთი იყენებს ასევე ეკონომიკურ ბერკეტებსა და ბინძურ ხერხებს იმისთვის, რომ ჩაახშოს დემოკრატია სხვა ქვეყნებში.
ერთპიროვნული მმართველი რუსეთის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთშიც ცდილობს გავლენის აღდგენას. მისი მიზანია, რუსეთი `დერჟავად~ აქციოს.
ლიბერალიზმის კურსს გადაუხვია ჩინეთის ლიდერმაც. ის გამალებული შეიარაღებით არის დაკავებული და რეგიონის სახელმწიფოებს აშინებს.
ირანის პრეზიდენტმა ჩაახშო მწვანე მოძრაობა და სხვა კურსი აირჩია. ირანმა მიაღწია დომინირებას ლიბანსა და სირიის მნიშვნელოვან ტერიტორიაზე. ირანს დიდი წონა აქვს ერაყში.
თუ ევროკავშირი დაიშალა, „ვაშინგტონ პოსტი“ ანტილიბერალური და ანტიამერიკული გამოსვლების გაძლიერებას ვარაუდობს. ამ შემთხვევაში მოიმატებს რუსეთის აგრესია და მისი მხრიდან ევროპაში ანტიდასავლური ძალების მხარდაჭერა.
გამოცემის აზრით, აშშ უნდა დარჩეს დემოკრატიის აქტიურ დამცველად მთელ მსოფლიოში. თუ დემოკრატია დამთავრდება, ცხოვრება გაუმწარდება ასობით მილიონობით ადამიანს, შეიცვლება საერთაშორისო ურთიერთობები და აშშ-ის ადგილი მსოფლიოში.
დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი მოქმედებები სირიასა და სხვა ქვეყნებში მის მუდმივ ოპონენტებსაც არ დაუგმიათ. ამის შედეგად რეგიონში შეიქმნა ახალი რეალობა.
ირანული მედიის შეფასებით, ბოლოდროინდელი მოქმედებების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პოლუსი ყალიბდება _ ერთ მხარეს არიან ირანი და რუსეთი, ასევე სირიისა და ერაყის მთავრობები, მეორე მხარეს _ დასავლეთის სახელმწიფოები და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები.
ირანული პრესის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციისაგან მოსალოდნელია სანქციების ახალი პაკეტი ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ. დასავლეთში ბევრს უნდა, ირანი და რუსეთი სირიას ჩამოაცილოს.
სირიის პროცესიდან ირანისა და რუსეთის ჩამოშორებას დასავლეთში ყველა არ ეთანხმება. მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სირიაში შექმნილი ვითარება ძალიან რთულია და მის მოწესრიგებაში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ ამერიკამ, რუსეთმა, ირანმა და საუდის არაბეთმა.
სირიაში ქვეყნები საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვიან. ახალი ინფორმაციით, რუსეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით ანტიტერორისტულ კოალიციაში მონაწილეობაზე უარს იტყვის.

