სასაკლაოდ ქცეული ბზობის წირვა

სასაკლაოდ ქცეული ბზობის წირვაჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ დღეს ეგვიპტეში ორი ტაძარი ააფეთქეს.

ამ დროის მონაცემებით, სულ მცირე 36 ადამიანია დაღუპული. ორივე შემთხვევა ქრისტიანულ, კოპტურ ეკლესიებში ბზობის საზეიმო ღვთისმსახურებაზე მოხდა.

პირველი აფეთქება წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა ქალაქ ტანტაში, 25 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ეკლესიაში იმყოფებოდა ქრისტიანი კოპტების პატრიარქიც. ოფიციალური წყაროების ცნობით, ის არ დაშავებულა.

ცოტა ხნის შემდეგ კი მეორე ტერაქტი მოხდა – კვლავ ეკლესიაში, ამჯერად ქალაქ ალექსანდრიაში. შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა.

პატრიარქის პირადი მდივნის განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა ტაძრის შესასვლელში აამოქმედა, ამ დროს საზეიმო წირვა მიმდინარეობდა.

აფეთქების გეგმის მიხედვით, რაც შეიძლება დიდი უნდა ყოფილიყო მსხვერპლი, ამიტომ ტერაქტისთვის ბზობის დღესასწაული შეარჩიეს.

პოლიცია უახლოეს ტაძრებს ამოწმებს, სადაც, შესაძლოა, ასევე იყოს ასაფეთქებელი მოწყობილობები დამონტაჟებული.

სულ ცოტა ხნის წინ ალექსანდრიაში სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფა შეძლეს. ქალაქის უსაფრთხოების სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, სამოქალაქო თავდაცვის ქვედანაყოფმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ადგილობრივ უნივერსიტეტთან აღმოაჩინა. გამნაღმველებმა მისი ადგილზე გაუვნებელყოფა შეძლეს.

ორივე ტერაქტი საკუთარ თავზე ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.