სირიაში ქიმიურ შეტევას ბავშვები შეეწირნენ _ პარტიზანები ბრალს რუსეთს და ასადს სდებენ

სირიაში ქიმიურ შეტევას ბავშვები შეეწირნენ _  პარტიზანები ბრალს რუსეთს და ასადს სდებენსირიის სოფელ ჰან-შეიხუნზე, რომელსაც პარტიზანები აკონტროლებენ, საჰაერო დატყმა განხორციელდა. სავარაუდოდ, დარტყმა რუსულმა თვითმფრინავებმა მოახდინეს.
დარტყმის შემდეგ სოფლის მაცხოვრებელთა უმრავლესობამ სულის ხუთვა იგრძნო, რასაც მათი ნაწილის სიკვდილი მოჰყვა.
სირიაში ქიმიურ შეტევასთან დაკავშირებით სასწრაფოდ იქნა მოწვეული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. სირიელმა პარტიზანებმა ბრალი რუსეთს და დიქტატორ ასადს დასდეს.
_ ისინი მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდს ეწევიან, _ ნათქვამია პარტიზანების განცხადებაში.
ქიმიური შეტევის შედეგად დაღუპულია 100 ადამიანი, აქედან 11 ბავშვია.

ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სირიაში ქიმიური შეტევა დაგმო.
_ შოკირებული და აღშფოთებული ვიყავი, როდესაც ვუყურე კადრებს, თუ როგორ ეხუთებოდათ სული ბავშვებს, ქიმიური შეტევის შედეგად. არ არსებობს, ვიმეორებ, არ არსებობს გამართლება მშვიდობიან მოსახლეობაზე და ბავშვებზე განზრახ შეტევის მიტანის, განსაკუთრებით თუ ეს შეტევა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებით ხორციელდება, _ განაცხადა მან.
რადიკალურად განსხვავებულია რუსეთის პოზიცია.

_ სირიაში ქალაქ ჰან-შეიჰუნში ქიმიური იარაღის გამოყენების ამსახველი ვიდეო კადრები დადგმულია, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, მოსკოვს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს არის პროვოკაცია.