სუსი: სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები “რბილ ძალას” იყენებენ საქართველოს წინააღმდეგ

სუსი: სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები "რბილ ძალას" იყენებენ საქართველოს წინააღმდეგსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე აცხადებს, რომ „სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები სადაზვერვო ინფორმაციისა და შესაბამისად, სასურველი შედეგის მიღებას, არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ე.წ. რბილი ძალის კონცეფციის მიხედვით ცდილობენ. ისინი აქტიურად იყენებენ „სახალხო დიპლომატიის“ და „ინფორმაციული დივერსიის“ კომპონენტებს“.

სუს-ში ამბობენ, რომ 2016 წლის განმავლობაში სისტემატიურ რეჟიმში მიმდინარეობდა უსაფრთხოებისა და სადაზვერვო უწყებებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევის თავიდან აცილებისკენ მიმართული საქმიანობა.

– აღნიშნულის გასანეიტრალებლად, კომპლექსურად და გეგმაზომიერად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად, ასევე, იმ პირთა დასადგენად, რომლებიც შესაძლოა თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან…

ეკონომიკური შპიონაჟი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ცალკეული კომპანიების საქმიანობას, არამედ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე. აღნიშნული საფრთხეების განეიტრალებისა და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნით, სამსახურის მიერ ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, იმ პირთა გამოვლენა, რომლებიც შესაძლოა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ, – ნათქვამია ანგარიშში.