ტერორისტები ყველა ფრონტზე გააქტიურდნენ

ტერორისტები ყველა ფრონტზე გააქტიურდნენპარიზის ცენტრში პოლიციელის მოკვლის გამო პასუხისმგებლობა იკისრა ისლამურმა სახელმწიფომ. თავდამსხმელმა ესროლა პოლიციელს და მიმალვას ცდილობდა. მას სამართალდამცავები დაედევნნენ. ამის შედეგად დაიჭრა ორი პოლიციელი და დაშავდა გამვლელი. ტერორისტი განადგურებულია. მის თანამზრახველს ეძებენ.

ლიკვიდირებული ტერორისტი ცნობილი იყო უშიშროების სამსახურებისათვის. იგი არ მალავდა, რომ პოლიციელების დახოცვას გეგმავდა.

მორიგმა ტერაქტმა პარიზის ცენტრში იმოქმედა მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაზე _ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ფრანსუა ფიიონმა და მარინ ლე პენმა გააუქმეს დაგეგმილი შეხვედრები ამომრჩევლებთან.

ისლამური სახელმწიფო, იგივე დაიში, ღიად ემუქრება ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოს, ასევე რუსეთს. ისლამური სახელმწიფო აგრძელებს თავის მოქმედებებს ახლო აღმოსავლეთში. ამის წინააღმდეგ გამოყენებულმა ზომებმა დიდი შედეგი ვერ მოიტანა. ახალი ანტიტერორისტული კოალიციის შექმნა ისევ იგეგმება. რამდენიმე დღის წინ ტერორისტებმა ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ამ რეგიონში იპრიტი გამოიყენეს.

გახშირდა ტერორისტული აქტები ავტომანქანების გამოყენებით. ასეთი ტერაქტების დროს მძღოლი ეჯახება და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს. ამის გამო დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ პოლიციას მისცა უფლება, გაუხსნას ცეცხლი იმ ტერორისტ მძღოლებს, რომლებიც მანქანას იარაღად იყენებენ. აქამდე მათ ეს აკრძალული ჰქონდათ, მაგრამ ლონდონში, ბერლინში, ნიცასა და სტოკჰოლმში ავტომანქანების საშუალებით მომხდარი სისხლიანი ინციდენტების შემდეგ წესები შეიცვალა.

დაახლოებით ორი თვის წინ ჩეჩნეთში სამხედრო ქალაქზე თავს დაესხნენ მძინარე სამხედროებს. თავიდან ორგანიზატორი დადგენილი არ იყო. მოგვიანებით ამაზე პასუხისმგებლობაც ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ამ ტერაქტის შედეგად 6 სამხედრო დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაიჭრა. გამოძიების მონაცემებით, თავდამსხმელებს რუსეთის სამხედრო გვარდიის ამ ნაწილიდან იარაღის გატაცებაც უნდოდათ.

ჩრდილოეთ კავკასიაში დაიში მუდმივად მოქმედებს და ხანდახან სკოლებსაც კი წვავს. მის რიგებს შეუერთდა იმარატ კავკასიის ბევრი მებრძოლი.

სპეციალისტები ტერორისტების გააქტიურებას მოელიან, განსაკუთრებით _ ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე რუსეთის დიდ ქალაქებში.

_ საერთაშორისო ტერორისტები აძლიერებენ `ბოევიკების~ გადაბირებას, ადგილობრივი იატაკქვეშა ბანდების აქტივიზაციასა და თავიანთი იდეოლოგიის პროპაგანდას ჩრდილოეთ კავკასიაში, _ განაცხადა ორი დღის წინ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა.

მისი თქმით, გაზრდილია ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაული. ჩრდილოეთ კავკასიიდან სირიაში ისლამური სახელმწიფოს რიგებში საბრძოლველად წასულია 2.700 ჩრდილოკავკასიელი.

არის შემთხვევები, როცა ტერორისტებთან წასული შვილების მოსაძებნად და დასაბრუნებლად ახლო აღმოსავლეთში მიდიან მშობლები. დაღესტნის ახვახის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა კიზიმ ნურმაგომედოვმა ორწლიანი მძიმე შრომის შემდეგ შვილი დააბრუნა. ამისათვის მას არაერთხელ მოუხდა საზღვრების დარღვევა და საეჭვო შუამავლებთან კონტაქტები.

დაღესტანში ტერორისტები განსაკუთრებულად აქტიურობენ. ამის საწინააღმდეგო კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაღესტანში ერთი დღის წინაც გამოაცხადეს. 2016 წელს დაღესტანში 30-ზე მეტი სპეცოპერაცია ჩატარდა. ამ ოპერაციების დროს გაანადგურეს `ბოევიკების~ 4 დაჯგუფება და ტერორისტების 17 ლიდერი. აღიკვეთა სირიაში წასვლის 38 შემთხვევა.

მიუხედავად ამისა, ექსპერტების აზრით, ჯიჰადისტები აქტიურდებიან. მათი აზრით, ამ დაჯგუფებების ზედა ფენის განადგურება არ ნიშნავს ტერორისტული მოძრაობის დამარცხებას, მით უმეტეს მაშინ, როცა რადიკალ ისლამისტებს დიდი დაფინანსება და აწყობილი სტრუქტურები აქვთ.