თამარ ხულორდავა :„ჩემი მეუღლე სად მუშაობს, ირმა ნადირაშვილის გასარჩევი არ არის“

თამარ ხულორდავა :„ჩემი მეუღლე სად მუშაობს, ირმა ნადირაშვილის გასარჩევი არ არის“–  ჩემს მეუღლეს აქვს შესაბამისი განათლება, გამოცდილება, კვალიფიკაცია და თუ ადამიანი მუშაობს საჯარო სამსახურში, არა მგონია, ეს ვინმეს გასარჩევი იყოს, მით უფრო – ირმა ნადირაშვილის, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა თამარ ხულორდავამ განუცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის კრიტიკას გამოეხმაურა.

თამარ ხულორდავას განმარტებით, გამოცდილებიდან გამომდინარე, მის მეუღლეს საჯარო სამსახურში მუშაობის კვალიფიკაციაც აქვს და კერძო სექტორშიც, ამიტომ ოპოზიციონერი დეპუტატების „უსინდისო განცხადებებზე“ პასუხის გაცემას აღარ აპირებს.

– საერთოდ, მგონია, რომ არ ღირს პასუხი ამ უსინდისო განცხადებაზე. დაგიდასტურებთ, რომ ჩემი მეუღლე ამჟამად, თავდაცვის სამინისტროში მოვალეობის შემსრულებლად არის დანიშნული, სხვათა შორის, რიგით პოზიციაზე, და არა რაღაც თანამდებობაზე, როგორც ეს განაცხადა ნადირაშვილმა. ის კონკურსში მონაწილეობს, რომლის შედეგებიც ჯერ ცნობილი არ არის. ჩემი მეუღლე არაერთ ადგილზე მუშაობდა, მათ შორის თბილისის მერიაში, საიდანაც 2005 წელს უკანონოდ იქნა გათავისუფლებული. მან სასამართლოც მოიგო და სახელმწიფოსგან კომპენსაცია აიღო. შემდეგ არაერთ კერძო კომპანიაში მუშაობდა, ბოლოს კი – „თიბისი ბანკში“. მას თავისი კერძო კომპანიაც ჰქონდა, ასე რომ, ჩემი მეუღლის კვალიფიკაცია ნამდვილად არავისში არ უნდა იწვევდეს კითხვის ნიშნებს, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.