„თბილისი ბიძინა ივანიშვილის შემოღობილი ყანა არ არის!“

„თბილისი ბიძინა ივანიშვილის შემოღობილი ყანა არ არის!“თბილისის მერობის მსურველთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება. მმართველი გუნდიდან ვინ იქნება კანდიდატი, ჯერ კიდევ უცნობია. თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, შესაძლოა, მერობის კანდიდატი იყოს.

„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ალეკო ელისაშვილი არ უარყოფს, რომ ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა იმასაც აცხადებს, რომ მერის არჩევნებში მას უპარტიოდ მონაწილეობა ურჩევნია.

– ჯერ არ გადამიწყვეტია, ვიყარო თუ არა კენჭი და, შესაბამისად, რაც არ გადამიწყვეტია, ის გადაწყვეტილი როგორ იქნება?!

შემოთავაზებაც იყო და საუბრებიც ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ, თუ გადავწყვეტ, რომ ვიყარო კენჭი მერად, პირველ რიგში, ვფიქრობ იმაზე, რომ ვიყო დამოუკიდებელი კანდიდატი და არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ ვიყო.

თუმცა, თუ გადავწყვეტ, არ მინდა, პარტიული მერობის კანდიდატი ვიყო. ეს შემიძლია პირდაპირ გითხრათ. პარტიულმა მერებმა რომ ვერ გაამართლეს, ამის შედეგებს ვიმკით ამდენი წლის განმავლობაში. ვერ გაამართლა როგორც უგულავამ, ისევე ნარმანიამ. ისინი იყვნენ პარტიასთან ანგარიშვალდებულები და პარტიის გამო გაეხვივნენ შარში. ერთმა უკვე აგო პასუხი და მეორეს მოუწევს პასუხისგება.

თბილისი არ არის ხელწამოსაკრავი ქალაქი და ვინმეს შემოღობილი ყანა. მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილის ყანა არ არის! როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა და წარმოუდგენია, ისე არ იქნება ყველაფერი! განსაკუთრებით კი ასე არ იქნება თბილისში! შესაბამისად, რაოდენ კმაყოფილნიც არ უნდა იყვნენ „ქართულ ოცნებაში“, მე ვფიქრობ, სერიოზული ბრძოლა იქნება თბილისში. დანარჩენი ვნახოთ, – განუცხადა „ახალ თაობას“ ალეკო ელისაშვილმა.