„ევროპული საქართველო“ ლევან იზორიას ნეპოტიზმში ადანაშაულებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა ლევან იზორიას ბრძანება გაასაჯაროვა, ნადირაშვილის განცხადებით, უწყებაში ქართული ოცნების დეპუტატების ოჯახის წევრებს ასაქმებენ. პარტიის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, მეუღლე გენერალური ინსპექციის ოპერატიულ სამმართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად დაინიშნა.
აღნიშნულს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გამოეხმაურა:
– თავისთავად ვინმეს ოჯახის წევრობა არ შეიძლება იყოს კომპრომატი ან დასაქმებისთვის მუდმივი წინააღმდეგობა. ადამიანები პროფესიას ეუფლებიან და შემდეგ იმ პროფესიაში ვითარდებიან. ვინმეს ოჯახის წევრობამ არავის ხელი არ უნდა შეუშალოს კარიერულ წინსვლაში. თუმცა, როდესაც მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრების დასაქმება ხდება, ბუნებრივია, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რომ ნებისმიერ საჯარო უწყებას, ვინც ასეთ დასაქმებას ახდენს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვება გამჭვირვალობა და გახსნილობა.
იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი კონკურსის წესით არიან აყვანილი და არა ისე, როგორც ბოლო დროს გვესმის ხოლმე. გაასაჯაროონ და საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ისინი საუკეთესო კანდიდატები იყვნენ და მე პირველი ვიქნები, ვინც მიესალმება. მე მინდა რაც შეიძლება ბევრი პროფესიონალი თავდაცვაში, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში და ეს ხალხი თუ ასეთები არიან, მარტო იმიტომ, რომ ისინი დეპუტატების მეუღლეები არიან, არ უნდა დაიჩაგრონ, ბუნებრივია, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ნიუპოსტი

