ტილერსონი: რუსეთმა იმედები გამიცრუა, რადგან ის კვლავ ასადს იცავს

ტილერსონი: რუსეთმა იმედები გამიცრუა, რადგან ის კვლავ ასადს იცავსამერიკის ადმინისტრაცია იმედგაცრუებულია რუსეთის რეაქციით აშშ-ის მიერ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოფიციალური პირების კომენტარზე, რომ აშშ-ის ქმედება „სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიას წარმოადგენს“.

_ მე იმედგაცრუებული ვარ რუსეთის პასუხით, ვინაიდან, ეს პასუხი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი აგრძელებენ ასადის რეჟიმის მხარდაჭერას, – განაცხადა ტილერსონმა.

მისი თქმით, ახლა აშშ „ყურადღებით დააკვირდება თუ როგორი იქნება სირიის პასუხი“.

გუშინ აშშ-მა სირიაზე სამხედრო იერიში მიიტანა. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 „ტომაჰავკის“ ტიპის შორი რადიუსის მოქმედების რაკეტა გამოიყენა.

საჰაერო დარტყმები ჰომსში მდებარე შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა. ვაშინგტონმა იერიში სირიაზე მას შემდეგ მიიტანა, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა, რის შედეგადაც 72 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო.