“ცეკვავენ ვარსკვლავებში” ბრაზილიელი მოდელი ანა ბაროსი იცეკვებს

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" ბრაზილიელი მოდელი ანა ბაროსი იცეკვებს“ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალ სეზონში ქართველ მონაწილეებთან ერთად უცხოელი ვარსკვლავებიც მიიღებენ მონაწილეობას.

უკვე ცნობილია, რომ პროექტში მიწვეულია საქართველოში შემოსული მეექვსე მილიონე ტურისტი ჯასპერ ბლექი. მისი მეწყვილე ვერკა ჯაჯანიძე იქნება.
მეორე უცხოელი ვარსკვლავი, რომელიც პროექტის პროდიუსერებმა მოიწვიეს, ბრაზილიელი მოდელი ანა ბაროსია. მისი მეწყვილის შესახებ ინფორმაციას პროდიუსერები ამ დრომდე არ ასაჯაროვებენ.
პროექტის ახალ სეზონში იცეკვებს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში თათია დოლიძე. მისი მეწყვილე ოთო ფოლადაშვილი იქნება. ოთომ წინა სეზონში მონაწილეობა არ მიიღო, მოგვიანებით კი ცეკვას საერთოდ ჩამოშორდა. ამის მიზეზი მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. ოთომ თვალებზე ოპერაცია უკვე გაიკეთა, გამოჯანმრთელდა და ცეკვაც უპრობლემოდ შეუძლია.
თათიასთან ერთად “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მაყურებლის წინაშე წარდგებიან მომღერალი სოფო გელოვანი, მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, მომღერალი მარკუს მეტრეველი, მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე და ბიზნესმენი ირაკლი მაქაცარია.
უკვე ცნობილ ადამიანებთან ერთად, შოუში მონაწილეობის შანსი ეძლევა კიდევ ერთ კონკურსანტს, რომელიც პროდიუსერებმა ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოების საშუალებით აირჩიეს.
შოუს პროდიუსერის ნოე სულაბერიძის განცხადებით, “ცეკვავენ ვარსკვლავების” დამატებითი ვარსკვლავის საკონკურსო ვიდეორგოლებიდან ერთი საუკეთესოს გამორჩევა გაუჭირდათ, ამიტომ შანსი ორ კონკურსანტს მისცეს:
– ბოლოს განსაკუთრებით ორი ლიდერობდა, სალომე კოკუაშვილი და ოლიკო კობახიძე. გამომდინარე იქიდან, რომ სხვაობა ამ ორ მონაწილეს შორის თითქმის არაა და თან ორივე ძალიან საინტერესო იქნებოდა პროექტში, გამარჯვებული ამ მოცემულობით ჩვენთვის არის ორივე. ამიტომ ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება: საპრეზენტაციო ტურზე იცეკვებენ სალომეც და ოლიკოც, ხოლო მაყურებელი ცეკვის ხილვის შემდეგ გადაწყვეტს, თუ ვინ გააგრძელებს საკონკურსო სვლას.