ცხინვალში 9 აპრილს არეულობას ელოდებიან

ცხინვალში 9 აპრილს არეულობას ელოდებიანსაპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცხინვალის ხელისუფლებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და მოსალოდნელ არეულობაზე ალაპარაკდა. ერს შემაშფოთებელი ინფორმაცია გენპროკურორმა, შს და უშიშროების მინისტრებმა მიაწოდეს.

მათი მტკიცებით, ცხინვალის წინააღმდეგ ძალიან ცუდი და სახიფათო გეგმაა შემუშავებული. ოსი ძალოვნები ამბობენ, რომ ეს გეგმა რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ დაიწერა.

გეგმის ავტორი კი მათი ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ყოფილა. ცხინვალის ხელისუფლების თქმით, ეს კაცი ამ კვირის ბოლოს ცხინვალში დიდი არეულობის მოწყობას აპირებს, რომლის მიზანიც საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლაა.

ადგილობრივი უშიშროების სამსახურის შეფის ვიტალი შარგაევის ინფორმაციით, რესპუბლიკა ძალიან სახიფათო კამპანიის ზღვარზე იმყოფება.

_ არავინ არ ელოდა, რომ რაღაც კატაკლიზმებს ექნებოდა ადგილი, მაგრამ ეს მოხდა. წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, სანამ მასში კონკრეტული ძალები არ ჩაერთნენ. არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და რესპუბლიკაში ძალიან შემაშფოთებელი ვითარებაა როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი თვალსაზრისით. ამის თქმის საფუძველს ოპერატიული ინფორმაციაც იძლევა, _ აღნიშნა უშიშროების შეფმა.

ის კატეგორიულად გამორიცხავს თავის თანამშრომლებზე ზეწოლას. მას თუ დავუჯერებთ, ოსი კაგებეშნიკები თავის არჩევანში თავისუფლები არიან.

_ მათ არანაირი მითითება არა აქვთ მიცემული თუ ვის უნდა მისცენ ხმა. 9 აპრილს ყველა მივა საარჩევნო უბანზე და იმ კანდიდატს მისცემს ხმას, რომელიც მას მოსწონს, _ აღნიშნავს შარგაევი.

მისგან განსხვავებით, ნაკლებად შეშინებული ჩანს შს მინისტრი ახსარ ლავოევი. მისი თქმით, ოპერატიული თვალსაზრისით ვითარება ნორმალურია და რესპუბლიკაში მძიმე დანაშაული არ მომხდარა.

ლავოევი პირობას დებს, რომ მისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.

_ ექსპრეზიდენტ ედუარდ კოკოითის და მისი მომხრეების მხრიდან ადგილი ჰქონდა არეულობის მოწყობის მცდელობას. მათ რამდენიმე არასანქცირებული აქცია და მსვლელობა მოაწყვეს. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს აქციები მასობრივ არეულობაში არ გადაზრდილიყო, _ ამაყად განუცხადა მედიას სამხრეთელ ოსთა მთავარმა პოლიციელმა.

ლავოევი შეწუხებულია იმით, რომ კოკოითი და მისი მომხრეები ხელისუფლების წარმომადგენლებს გამყიდველებს ეძახდნენ და სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით ამკობდნენ. ლანძღვა-გინებას ისინი ძველ რეჟიმში აგრძელებენ და, როგორც ოსი ძალოვნები ამბობენ, რესპუბლიკის იმიჯს ჩირქს სცხებენ.

შს მინისტრის თქმითვე, ეს ადამიანები სრულიად უსაფუძვლოდ ითხოვდნენ მთელი რიგი თანამდებობის პირების, მათ შორის რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის გადადგომას. აღსანიშნავია, რომ კოკოითიმ მაშინ აურია, როცა თიბილოვი მოსკოვში წავიდა პუტინთან შესახვედრად. მისი დაბრუნების შემდეგ ვითარება ოდნავ დალაგდა. ლავოევის თქმით კი, ეს სიმშვიდე მოჩვენებითია.

მის ხელთ არსებული ინფორმაციით, კოკოითის ძალიან ბნელი ზრახვები აქვს გულში ჩადებული.

_ ამ ადამიანს იმდენად უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, რომ მზადაა ყველა პროვოკაციაზე წავიდეს. მას ცესკომ სამართლიანად უთხრა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის თავის მომხრეებთან ერთად 9 აპრილს არეულობის მოწყობას და არჩევნების ჩაშლას აპირებს, _ ამბობს შს მინისტრი.

ახსარ ლავოევის ინფორმაციით, ამ მიმართულებით კოკოითი და მისი საძმო-სადაქალო აქტიურად მუშაობენ.

_ ის თავისი გეგმის სისრულეში მოსაყვანად, ცხინვალსა და რესპუბლიკის სხვა რაიონებში მომხრეებს აქტიურად ეძებს, _ აღნიშნა ლავოევმა.

ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი