ვახტანგ ძაბირაძე: „კვირიკაშვილის რეიტინგის შემცირება მოსალოდნელი იყო“

_ დავით სერგეენკომ, როგორც კი მინისტრი გახდა, სწორად შეარჩია ის ნიშა, სადაც მას წარმატება გარდაუვლად ელოდა. რეალურად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რამდენიც უნდა ისაუბრონ ნაციონალებმა თუ სხვებმა, მაინც იყო წარმატებული პროექტი. ასეთი პროექტი არც ერთი მიმართულებით არ განხორციელებულა, მართალია, ის დახვეწას საჭიროებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ მუშაობს, – აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

მისი აზრით, ეს პროექტი თითქმის ყველა ოჯახში შევიდა და ყველას შეეხო, ამიტომ მან ასახვა ჰპოვა სწორედ რეიტინგებში. თუ ჯანდაცვის ეს პროგრამა დაიხვეწება და კიდევ გაგრძელდება, სერგეენკოს რეიტინგი უფრო მზარდი გახდება. ამდენად, სავსებით გასაგებია, სერგეენკოს რეიტინგი სტაბილური რატომ არის.

– კიდევ არის მეორე ფაქტორი, რამაც გამოიწვია ხმების ასეთი გადანაწილება: საზოგადოება დავით სერგეენკოს აღიქვამს, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ავტორს და არა _ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელ პირს, – ასეთია პოლიტოლოგის აზრი.

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს რეიტინგის დაწევას ძაბირაძის პროგნოზით, სრულიად ბუნებრივია და ამაში უცნაურს ვერაფერს ხედავს.

– რასაკვირველია. გიორგი კვირიკაშვილი არის პრემიერი და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება. კვირიკაშვილის რეიტინგი შარშან ზუსტად ამ დროს უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე სერგეენკოსი. ამას ვამბობ კვირიკაშვილისადმი არსებული მოლოდინებიდან გამომდინარე. იყო დიდი მოლოდინი, მაგრამ ქვეყანაში არსებული ვითარება ვერ გაუმჯობესდა, _ განაცხადა „ახალ  თაობასთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.