ადვოკატი ნესტან ლონდარიძე: „ნინო კუზანოვასთან ბევრი კითხვა გვაქვს“

 

ადვოკატი ნესტან ლონდარიძე: „ნინო კუზანოვასთან ბევრი კითხვა გვაქვს“კლინიკა „ლანცეტის“ ირგვლივ ატეხილი სკანდალი აქტუალურობას არ კარგავს. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ კლინიკის დირექტორ ფარმან ჯეირანლის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

„ახალი თაობა“ 25 მაისის ნომერში უკვე წერდა აღნიშნულ თემაზე, სადაც მკითხველს დაკავებულის ადვოკატისა და კლინიკის იმდროინდელი მთავარი ექიმის ნინო კუზანოვას პოზიცია გავაცანით.

„ახალი თაობა“ დაზარალებულების ინტერესების დამცველს, გარდაცვლილი გიორგი ჩუბინიძისა და კარლო კეკელიძის ოჯახების ადვოკატს, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტ ნესტან ლონდარიძეს ესაუბრა.

– ნესტან, სულ სხვადასხვაგვარი განცხადებები მოვისმინეთ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. გარდაცვლილი კეკელიძის მეუღლე ნინო კუზანოვას ადანაშაულებს, კუზანოვამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ვერ ხვდება, რას ედავებიან და საერთოდ არაფერ შუაშია. თქვენ დაზარალებული ოჯახების ინტერესებს იცავთ. მივყვეთ თავიდან, როდის მოგმართეს, რა მასალები მოიძიეთ და როგორია თქვენი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით?

– მოგახსენებთ დეტალურად. ჩვენს ორგანიზაციას დაზარალებულებმა მომართეს ჯერ კიდევ 2016 წლის მაისში. მე გავეცანი ყველა დოკუმენტაციას და ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, თავიდანვე ნათელი იყო, რომ აქ მარტო ერთი დარღვევა კი არა, დარღვევების მთელი ჯაჭვი იყო და დანაშაულამდეც მივდიოდით.

– უფრო კონკრეტულად, რა დარღვევებზეა საუბარი?

– პირველ რიგში, მტკიცებულებების სახით რომ მქონოდა, მე შევეცადე დამედასტურებინა ეს ყოველივე და მივმართე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, გადავეცი დოკუმენტაცია, ვთხოვე, შეესწავლათ ეს საქმე და დაედოთ შესაბამისი დასკვნა.

სწორედ მათი დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ არცერთ ექიმს, რომლებმაც განახორციელეს ოპერაცია, არ ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო სერტიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში და უფრო მეტიც, არცერთი ეს ოპერაცია არ იყო შეთანხმებული ტრანსპლანტაციის საბჭოსთან, რომლის ნებართვაც აუცილებლობას წარმოადგენდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

– ეს მხოლოდ სერიოზული დარღვევაა თუ დანაშაულიც?

– ეს უკანონო სამედიცინო საქმიანობაა, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვა. თანაც ორი მსგავსი შემთხვევა იყო.

– ამბობენ, რომ ქირურგი, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, საკმაოდ ცნობილი, სახელგანთქმული ტრანსპანტოლოგია, უბრალოდ, წყვეტა ჰქონდა, ლიცენზიას ვადა გაუვიდა და ახალი ლიცენზიის მოლოდინში იყო, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ ოპერაციის ჩატარების ნებართვა მისცა. ასე არ ყოფილა?

– ეს დოკუმენტაცია მე ხელთ არ მაქვს, არ ვიცი, რა ნებართვა გასცა ჯანდაცვის სამინისტრომ. მე მაქვს რეგულირების სააგენტოს პასუხი, რომ ამ პერიოდში მათ არ ჰქონდათ ლიცენზია! ის, რომ იქამდე ჰქონდათ და წყვეტა ჰქონდათ, არაფერს ცვლის.

აქ მთავარი გარემოება გახლავთ ის, რომ ორი ოპერაციის ჩატარების დროისთვის მათ არ გააჩნდათ სერტიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია! თუკი წყვეტა იყო და ისინი სერტიფიკატის აღების მოლოდინში იყვნენ, მათ შეეძლოთ, მოეთხოვათ ერთჯერადი, დროებითი სერტიფიკატი ამ კონკრეტული ოპერაციისთვის, რაც არ ყოფილა.

მათ ძალიან ბევრი შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ კანონის ფარგლებში მოექციათ ამ ოპერაციების წარმოება, რაც მათი მხრივ არ განხორციელებულა.

– ანუ ბევრ დარღვევას წააწყდით?

– არაერთს. დარღვევების ჩამონათვალი ძალიან ბევრია. ავიღოთ თანხის გადახდის კუთხით. ერთ-ერთ დაზარალებულთან, გარდაცვლილ გიორგი ჩუბინიძესთან, მათ გააფორმეს ვალის აღიარების ხელშეკრულება, სადაც საერთოდ არ არის `ლანცეტი~ მითითებული და ის არის კერძო პირთან, ვინმე იურისტთან გაფორმებული ხელშეკრულება. დარღვევა არაერთია `ლანცეტის~ საქმიანობაში.

– პროკურატურას თქვენ მიმართეთ?

– სწორედ ამის გამო, როდესაც ეს დოკუმენტაცია მე უკვე ხელში მეკავა, მივმართე საქართველოს მთავარ პროკურატურას, ვითხოვე საქმის კონკრეტულად შესწავლა და დამნაშავეების გამოვლენა. საქმეს უკვე თბილისის პროკურატურა იძიებს. რამდენიმეთვიანი გულითადი მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს უკვე გამოკვეთილი არიან სავარაუდო დამნაშავე პირები.

– ჩვენ მეორე მხარის შეფასებებიც მოვისმინეთ, რომ ორივე პაციენტი იყო მძიმე ავადმყოფი, მათი დღეები დათვლილი იყო, რომ ისინი მაშინვე დათანხმდნენ ტრანსპლანტაციას. ნინო კუზანოვამაც განაცხადა, რომ თუკი წარუმატებლად ჩატარდებოდა ოპერაცია, მაშინ ორივე პაციენტი მაგიდაზე უნდა დარჩენილიყო. ერთმა 7 დღე იცოცხლა, მეორემ _ 10.

– მათი ადვოკატების განცხადებები ვერ იქნება საფუძვლიანი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადვოკატები, პირველ რიგში, გასული იყვნენ აღკვეთის ღონისძიებაზე და თუნდაც მათი განცხადება ჩემთვის ცოტა გასაოცარი იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი, ამგვარი განცხადებები თუ გაკეთდებოდა. თურმე 100 ათას ლარიანი გირაო იმიტომ შესთავაზეს, რომ ეს რამდენჯერმე აღემატება იმ თანხას, რომელსაც პროკურატურა ედავება. ასეთ მძიმე შემთხვევებთან რომ არ გვქონდეს საქმე, ეს ჩემთვის სასაცილოც იქნებოდა.

ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე ვსაუბრობთ და 40 ათას დოლარზე თითოეულის შემთხვევაში. ასე რომ, ასეთი შეფასება ცინიკური უფროა, ვიდრე რეალური. რაც შეეხება ნინო კუზანოვას, ადამიანის უფლებათა ცენტრის პოზიცია გახლავთ ის, რომ მე მას არ ვადანაშაულებ, უდანაშაულობის პრეზუმფციას ნამდვილად არ ვარღვევ, მე ვარ ადვოკატი. აქედან გამომდინარე, მე არ ვამბობ, რომ ნინო კუზანოვა არის დამნაშავე.

– მას ადანაშაულებს გარდაცვლილი კარლო კეკელიძის მეუღლე.

– გარდაცვლილის მეუღლეც არ საუბრობს მტკიცებით ფორმაში, რომ უეჭველად ის არის დამნაშავე. გამოძიებას იმიტომ მივმართეთ, რომ ეს პირები უნდა გამოკვეთოს გამოძიებამ. ჩვენ, უბრალოდ, ძალიან ბევრი კითხვა დაგვიგროვდა კლინიკის იმდროინდელ მთავარ ექიმთან.

– ანუ ნინო კუზანოვასთან?

– სწორედ ნინო კუზანოვასთან და კითხვა ძალიან ბევრია.

– კერძოდ, რაში მდგომარეობს ეს კითხვები?

– კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ კლინიკის მთავარი ექიმი როდესაც ხარ და როდესაც ამ ტრანსპლანტაციის ოპერაციას ასეთი დონით უწევ რეკლამირებას და როდესაც ქალბატონი ნინო აცხადებს, რომ დირექციამ ის ჩამოაცილა საერთოდ მთელ პროცედურებს, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და არ მაცნობდა, რა ვითარება იყო ამ კუთხითო, მე ვკითხულობ _ თუ არ იცოდა, ნანახი თუ არ ჰქონდა ეს სერტიფიკატები და მით უმეტეს იცოდა, რომ ასეთი მდგომარეობა იყო, რატომ უწევდა კლინიკას რეკლამირებას?! დაზარალებულებს, თავად მათი ოჯახის წევრებს რატომ ეუბნებოდა, ყველაფერი რიგზეა და თქვენ დიდი შანსი მოგეცათ ამ ოპერაციებით, იმიტომ, რომ ასეთი დონის სპეციალისტები უკეთებენ ოპერაციას, ჩათვალეთ, რომ უცხოეთში იკეთებთ ოპერაციასო?!

და კიდევ ყველაზე მთავარი _ რატომ არ მიმართა კუზანოვამ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ ის ჩამოშორებული ჰყავდათ ამ პროცედურებისგან და იცოდა, რომ ეს ხდებოდა, ან მაშინვე რატომ არ დატოვა თანამდებობა?!

ჩვენ ვსაუბრობთ კლინიკის მთავარ ექიმზე! ნინო კუზანოვას შეიძლება ეკავა ორი თანამდებობა, ერთი _ კარდიოლოგი და მეორე იყო მთავარი. არანაირი კითხვა და პრეტენზია არ გამაჩნია ნინოსთან, როგორც კარდიოლოგთან, მე ვსაუბრობ კლინიკის მთავარ ექიმზე.

– ნინო კუზანოვა აცხადებს, რომ არ შეეძლო მათთვის კონსულტაციების გაწევა ღვიძლის ტრანსპლანტაციაში, რადგან კარდიოლოგია. ამ კუთხით გავუწიე კონსულტაცია და მას გულის მხრივ არც ჰქონია პრობლემებიო.

– თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 2016 წლის, აი, ამ ოპერაციების ჩატარების წინა პერიოდში ჯიდიესის ეთერში გასული სიუჟეტი, სადაც ამ ჯგუფის ერთ-ერთი ექიმი და ნინო კუზანოვა ერთად აკეთებენ რეკლამირებას, რომ საქართველოსთვის დიდი მიღწევაა ასეთი ექიმების მოწვევა და უფრო მეტიც, მეორე თუ მესამე დღე იყო გასული ოპერაციებიდან და კარლო კეკელიძეს აჩვენებენ ეთერში, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ოპერაციის პაციენტს, რომელიც შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა და ამბობენ, რომ ამ პაციენტებმა ამერიკიდან ჩამოაკითხეს საქართველოს.

ეს ტყუილია! არასოდეს კარლო კეკელიძეს არ უცხოვრია ამერიკაში და არც ამერიკის მოქალაქე არ ყოფილა! ნინო კუზანოვამ ისიც კი განაცხადა, რომ თურმე კარლო კეკელიძის ოჯახი ცხოვრობდა `ლანცეტის~ სასტუმროში, რაც ასევე ტყუილია და არასოდეს მათ ოჯახს არ უცხოვრია ამ სასტუმროში!

– ნინო კუზანოვამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს პაციენტები მოჰყვნენ ამ სახელგანთქმულ ქირურგს, რომელსაც ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, მიზანმიმართულად ჩვენს კლინიკაში არ მოსულანო.

– ვერ გავიგე, ამით რის თქმა უნდა. რეკლამირება რომ კეთდებოდა `ლანცეტში~, რომ ასეთი ქირურგები ჩამოდიოდნენ, ორივე ამ ოჯახმა მიაკითხა `ლანცეტს~ მხოლოდ კონსულტაციისთვის, მათ არ მიუკითხავთ კლინიკისთვის, რომ უნდა ჩაეტარებინათ ტრანსპლანტაციის ოპერაცია, რადგან ერთ-ერთი, გიორგი ჩუბინიძე, ესპანეთში გადიოდა მკურნალობას და იქ ექიმების დასკვნა არსებობდა, რომ მას არ სჭირდებოდა ოპერაციის გაკეთება, უბრალოდ, საჭირო იყო, ყოველ ექვს თვეში გადაკონტროლება მომხდარიყო, კლინიკა `ლანცეტში~ კი დაარწმუნეს, რომ მათ ფიქრის დროც კი არ ჰქონდათ და განუმარტეს ისიც, რომ ესპანეთში რომ გადაფრენილიყო, ესეც არ შეიძლებოდა, რადგან ოჯახმა გამოთქვა სურვილი, ესპანეთში წასულიყვნენ და იქ გაეკეთებინათ ოპერაცია. მგზავრობასაც ვერ გაუძლებსო, დაარწმუნეს, რომ ამის დროც არ იყო.

– ეს ჩვენთან საუბარშიც თქვეს, რომ დღეები წყვეტდა მათ ბედს, ორივე უმძიმესი პაციენტი იყო და ისინიც უყოყმანოდ დათანხმდნენ ოპერაციასო. არც ეს შეეფერება სიმართლეს?

– ესეც არასწორია. ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. ასეთი მდგომარეობა ნამდვილად არ ჰქონდათ. ასევე საინტერესოა ერთი ფაქტი _ როდესაც სამედიცინო ისტორია ყალიბდება, იქ არის მთელი დაავადებების ჩამონათვალი, რაც არ აღენიშნებოდათ ამ პაციენტებს და ოჯახის წევრების კითხვაზე, რატომ იყო ასეთი დიაგნოზები მითითებული, ექიმების განმარტება იყო `ლანცეტიდან~, რომ ასე ხდება, ისტორიას ასე ავსებენ და ეს ჩვეულებრივი მომენტია.

– ანუ ისტორიებიც გაყალბებულია?

– დიახ, პაციენტების ისტორიებიც გაყალბებულია! ამ საქმეებში ძალიან ბევრი დარღვევაა, მიმდინარეობს გამოძიება და, დიდი იმედი მაქვს, რომ გამოავლენს დამნაშავე პირებს.

– ნესტან, არავინ საუბრობს ქირურგზე, ტრანსპანტოლოგზე, რომელმაც ეს ოპერაციები ჩაატარა. მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება? ამ კუთხით რა ხდება?

– მე ყოველთვის ვამბობ ასეთ რამეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და სწორედ გამოძიების პრეროგატივაა დაადგინოს, კონკრეტულად რომელი პირების დამნაშავეობა იკვეთება ამ საქმეში! მე ვერ ვიტყვი, რომელი ექიმია დამნაშავე და რომელი _ არა. ჩემი პოზიცია გახლავთ და სწორედ ამისთვის მივმართე პროკურატურას, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომლებსაც ჰქონდათ შეხება ამ უკანონო ოპერაციებთან!

– კლინიკის დირექტორი უკვე დაკავებულია და კეთდება შეფასებებიც, რომ ვიღაცას მისთვის ბიზნესის წართმევა სურს.

– რატომღაც ყოველთვის ასეთ ინტერპრეტაციას აძლევენ, როცა ვინმეს დაკავება ხდება, თუმცა ჩვენ სახეზე გვყავს ორი დაზარალებული ოჯახი, ორი გარდაცვლილი ადამიანი, მით უმეტეს, რომ ორივე გარდაიცვალა ოპერაციის ჩატარებიდან რამდენიმე დღეში. მეხუთე დღეს ორივე გარდაცვლილი იყო. ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებოდა ორივეს, სისხლდენა დაეწყოთ ყველა ლორწოვანი გარსიდან.

– ანუ ეს ოპერაციები თავიდანვე წარუმატებლად ჩატარდა?

– დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავიდანვე იყო წარუმატებელი. თუ ეს ორი ადამიანი საოპერაციო მაგიდაზე დარჩებოდა, ალბათ, ცოტა სხვა რაღაცასთან გვექნებოდა საქმე.

მესამე ადამიანიც არსებობდა, რომლის ვინაობას დღეს ვერ დავასახელებ, ასეთი რამ არ შეიძლება იურიდიულად. სწორედ ამ მესამე პირს ჰქონდა ყველაზე მძიმე მდგომარეობა და მასაც ამ ორი ოპერაციის შემდეგ უნდა გაეკეთებინა ტრანსპლანტაციის ოპერაცია, თუმცა ამ წარუმატებელი ოპერაციების შემდეგ ეს პირი წამოვიდა `ლანცეტიდან~ და სრულიად სხვაგან, ბათუმში გაიკეთა ეს ოპერაცია, რომელმაც საკმაოდ წარმატებით ჩაიარა და ეს ადამიანი თავს ძალიან კარგად გრძნობს.

– გარდაცვლილთაგან ერთს ჰქონდა ციროზი, ხოლო მეორეს _ სიმსივნე ღვიძლზე და უმძიმესი მდგომარეობა იყოო. ასეა?

– ეს არასწორი ინფორმაციაა! რასაკვირველია, ყველანაირად ეცდებიან დიაგნოზების გაბუქებას. 7 წელი აწუხებდა გიორგი ჩუბინიძეს ღვიძლის პრობლემა. ის რეგულარულად მკურნალობდა ესპანეთში და იქ გაცემული დასკვნებიც არსებობს, თუ რა დიაგნოზი აღენიშნებოდა ამ ადამიანს, რა ესაჭიროებოდა და როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

– მაშინ რატომ დათანხმდა, თუკი არ საჭიროებდა ოპერაციას და ესპანეთში მკურნალობდა?

– სწორედ ეს არის გასაოცარი და მე სწორედ ეს მიკვირს, როგორ მოახერხეს ამ ოჯახების დათანხმება. ოჯახები იხსენებენ ერთ ისტორიას, რომელიც აუცილებლად უნდა გითხრათ. ეს ორი ოჯახი ერთმანეთს არ იცნობდა და, რასაკვირველია, ცალ-ცალკე მიდიოდა კლინიკა `ლანცეტში~, თუმცა ორივე შემთხვევაში მეორდება ერთი და იგივე ისტორია, ხვდებათ ძალიან ბევრი ხალხი რატომღაც `ლანცეტში~, მადლიერი ამ ქირურგების, მერე ეს ქირურგი ზის სკამზე, შედის ერთი ადამიანი და ხელზე ემთხვევა, ეს ორივე დაზარალებული ოჯახის თვალწინ, ცალ-ცალკე სხვადასხვა დროს მოხდა.

– ანუ დადგმული სცენა იყო მადლიერი პაციენტების?

– რა თქმა უნდა, ეჭვი და კითხვის ნიშნები ჩნდება. როგორც კი ოპერაციები დამთავრდა, არცერთი ეს ადამიანი იქ არავის უნახავს. კიდევ საინტერესოა ის, რომ ჩვენს მიმართვამდე რეგულირების სააგენტოს არაერთხელ ჰყავს დაჯარიმებული კლინიკა `ლანცეტი~ პროცედურების დარღვევის გამო.

– თუ იცით რამე იმ ტრანსპანტოლოგის წარსული საქმიანობის შესახებ, რომელმაც ოპერაციები ჩაატარა. როგორ სრულდებოდა მის მიერ ჩატარებული ოპერაციები?

– მე დეტალურად არ დამიწყია მისი ბიოგრაფიის გამოკვლევა. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, როგორ მოღვაწეობდა ის თავის ქვეყანაში. ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათ მიერ ორი ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია განხორციელდა და ორივე წარუმატებლად. მათ მიერ მეტი ტრანსპლანტაცია ღვიძლზე კლინიკა `ლანცეტში~ არ განხორციელებულა.

– ნესტან, დაკავებულია კლინიკის ხელმძღვანელი. ფიქრობთ, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, შესაძლოა, სხვა პირებიც აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე?

– რა თქმა უნდა, ამას არ გამოვრიცხავ, მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. აღვნიშნე, რომ ჩვენ ბევრი კითხვა გვაქვს და მათ პასუხი უნდა გაეცეს, თუნდაც იმდროინდელ მთავარ ექიმთან დაკავშირებით.