ანა დოლიძე – ვენეციის კომისია თვლის, რომ შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარება სჯობს

ანა დოლიძე - ვენეციის კომისია თვლის, რომ შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარება სჯობსვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ სასარგებლო იქნება თუ შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები კვლავაც პირდაპირი წესით ჩატარდება.

ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ მხრივ ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რაიმე ცვლილება არ იყოს გაგებული, როგორც პერსონიფიცირებული ცვლილება კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ.
– საუბარი იყო იმაზე, რომ საპარლამენტო სისტემებში პრეზიდენტის არჩევა ხდება როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ. თუმცა, ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რაიმე ცვლილება არ იყოს გაგებული, როგორც პერსონიფიცირებული ცვლილება კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ, ამიტომ შესაძლოა სასარგებლო იყოს, რომ შემდგომი არჩევნები გაიმართოს კვლავაც პირდაპირ, – აღნიშნა დოლიძემ.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო პრეზიდენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხსაც.
– სასამართლოსთან დაკავშირებით ვისაუბრეთ იმაზე, რომ მართალია ეს უფლებამოსილება ვენეციის კომისიის 2010 წლის რეკომენდაციის შესაბამისად პრეზიდენტს უნდა ჩამოერთვას, თუმცა სასამართლო ამ მხრივ შესაძლოა გადაიქცეს ძალიან ჩაკეტილ კორპორატიულ ჯგუფად, სადაც გავლენა აქვს ადამიანების შეზღუდულ წრეს და რომლებიც საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობენ არც კომპეტენციის და არც მორალის მხრივ. მნიშვნელოვანია, რომ თუ ჩვენ ვფიქრობთ, პოლიტიკოსები მოვაცილოთ სასამართლოს, ამისათვის უნდა შევქმნათ საშუალებები, რომ სასამართლო არ იყოს კონტროლირებადი ერთი პატარა კორპორატიული ჯგუფის მიერ, – აღნიშნა დოლიძემ.