ანზორ აბრალავა: „არასამთავრობოები სახელმწიფოს მიმართ სიძულვილს ნერგავენ“

ანზორ აბრალავა: „არასამთავრობოები სახელმწიფოს მიმართ სიძულვილს ნერგავენ“– „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო არ არის ფარცხალაძე-თორდიას კონფლიქტი. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ვის დაარტყა. ამ ინციდენტმა გარეთ გამოიტანა ბევრი მანკიერება.

ეს ინციდენტი ცუდია სახელმწიფოსათვის. ამის შემხედვარე საზოგადოებას ბევრი კითხვა გაუჩნდა. მაფიქრებს ის, რომ არასამთავრობო სექტორი ამას თითქოს მომზადებული და ჩასაფრებული შეხვდა. ამ სექტორის წარმომადგენელია ნინო ლომჯარია, რომელიც რატომღაც გენერალური აუდიტორის მოადგილედ დანიშნეს. ეს ერთი მაღალჩინოსნის რეკომენდაციით მოხდა

ლომჯარიები და მისთანები აუძლურებენ სახელმწიფოს. გრძელდება ძლიერი შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. გარკვეული ჯგუფები ხალხში სახელმწიფოს მიმართ სიძულვილს ნერგავენ. მათი გაგებით, ყველა თანამდებობის პირი უნდა იყოს სასაცილო, უწყებები _ სუსტი. განსაკუთრებული თავდასხმებია უშიშროების სამსახურზე, რომელსაც არ აძლევენ საქმიანობის საშუალებას, – განუცხადა „ახალ თაობას“  ყოფილმა დეპუტატმა ანზორ აბრალავამ.

მისი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაჭარბებული უფლებები აქვთ მინიჭებული და „ენჯეოს“ წევრები თანამდებობაზე არ უნდა ინიშნებოდნენ.

– ასეთი ხალხისათვის, მათ შორის, თინა ხიდაშელისათვის კომპრომატია ის, რომ თავდაცვის ახლანდელი მინისტრი უშიშროებაშია ნამუშევარი. ამას წინათ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შსს-გან დაჟინებით მოითხოვდა ინფორმაციას სპეცდანიშნულების ჯგუფებზე. ამ „ენჯეოს“ აინტერესებს სპეცრაზმების განლაგების ადგილები, რიცხოვნობა, წევრების ხელფასები და გენდერული შემადგენლობა. ასეთ მონაცემებზე უცხო ქვეყნების დაზვერვა ნადირობს. არ მესმის, რატომ უნდა დაენიშნათ აუდიტორულ სამსახურში მაღალ თანამდებობაზე ამგვარ „ენჯეოში“ ნამუშევარი ადამიანი! – განაცხადა აბრალავამ.