გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეგობრები და მეუღლე ვარაუდობენ, რომ აფგან მუხთარლი აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, დაშგინ აღალარლიმ განაცხადა, აფგან მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.
– ის ძალიან აქტიური ჟურნალისტი იყო და სავარაუდოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მასში საფრთხე დაინახა, – განაცხადა დაშგინ აღალარლიმ.
მისივე თქმით, არ უნდა იფიქროს, რომ ამაში საქართველოს სპეცსამსახურებიც არიან ჩართული, თუმცა აღნიშნა, რომ საეჭვო იყო, მათ ვერ შეემჩნიათ ეს ყველაფერი.
გაუჩინარებული ჟურნალისტის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევას თქმით კი, მის მეუღლეს უთვალთვალებდნენ.
აფგან მუხთარლის მეგობრებმა და მეუღლემ ისიც აღნიშნეს, რომ კომპანია ”სოკარში” არიან ადამიანები, რომლებიც მას უთვალთვალებდნენ.
– მას რომ რაიმე დაემართოს, ეს იქნება საერთაშორისო სკანდალი და ამაში დამნაშავე იქნება საქართველოს მთავრობაც,- აღნიშნეს ჟურნალისტის მეგობრებმა.
”თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” ინფორმაციით, აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ბოლოს, 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში ნახეს. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, რომელსაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, თუმცა ამის შემდეგ, აღარავის უნახავს და მობილური გამორთული აქვს.
– აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის იანვრიდან ის საქართველოში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ინტერპრესნიუსი

